კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საგანგებო განცხადება
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დედაქალაქში შექმნილი კრიზისიული ვითარების გამო, დამატებითი რესურსით, გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს. 24-საათიან რეჟიმში მორიგეობს 28 სადისპეტჩერო და საავაირო ბრიგადა, ასევე მობილიზებულია მძიმე სპეც-ტექნიკა.
როგორც „კვირას“ კომპანიიდან აცნობეს, წყლის ხარისხის მონიტორინგი და კონტროლი, 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს კომპანიის ცენტრალური და სათავე ნაგებობებზე განთავსებული ლაბორატორიების მიერ. თბილისის მოსახლეობისთვის მიწოდებული წყლის ხარისხი სრულად აკმაყოფილებს ეროვნული რეგლამენტით გათვალისწინებულ სტანდარტებს. რაც შეეხება დედაქალაქის წყალმომარაგებას, სტიქიის გამო, თბილისის ზოგიერთ უბანში წყალმომარაგება შეზღუდვით ხორციელდება. ამ ეტაპზე კომპანია ორი მსხვილი დაზიანების ლიკვიდაციაზე მუშაობს: ადიდებულმა მდინარე ვერემ დააზიანა 500 მმ მაგისტრალური წყალდენი, რის გამოც წყალმომარაგება შეფერხებით მიეწოდება ბაგების ზედა ზონას. ჭავჭავაძის გამზირი N5-ის უკან, უშუალოდ სტიქიის ზონაში, ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაზიანებულია 900მმ მაგისტრალური მილდენი, რის გამოც წყლამომარაგება დროებით შეზღუდული აქვს ვაკის, ვერის და საბურთალოს ნაწილს. წყლის მიწოდების შეზღუდვაზე დეტალური ინფორმაციის მოძიებას თბილისელები შეძლებენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ფეისბუქის გვერდზე, ვებგვერდზე და „ცხელი ხაზის“ მეშვეობით.