ირაკლი ღარიბაშვილი: თქვენ ხართ ის საზოგადოება, რომელიც ყველაზე სწორად ხედავს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს
“ყოველთვის მაინტერესებს, რას ფიქრობს ჩვენი ახალგაზრდობა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით”, – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეკრებილ სახელმწიფო კონკურსში გამარჯვებულ დოქტორანტებს. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ძლიერი და განათლებული თაობის გარეშე ვერ მოხერხდება ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევა.
“ჩემთვის განსაკუთრებულად საინტერესოა თქვენთან შეხვედრა, თქვენთან საუბარი იმდენად, რამდენადაც მეც ჯერ კიდევ სტუდენტის ასაკში ვარ, თუმცა ხუმრობის გარეშე, მართლაც, ყოველთვის მაინტერესებს, რას ფიქრობს ჩვენი ახალგაზრდობა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ თქვენ ხართ ის საზოგადოება, რომელიც ყველაზე სწორად ხედავს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და მათ ყველაზე ობიექტურად აფასებს. რაც მთავარია, თქვენ ხართ განვითარებაზე ორიენტირებული საზოგადოება. თქვენთვის მთავარი მამოძრავებელია სწორედ ცოდნა და განათლება, რაც უნდა იყოს 21-ე საუკუნის საქართველოს მთავარი ფუნდამენტი და რასაც უნდა დაეფუძნოს ძლიერი, ქართული სახელმწიფოს მშენებლობა. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ სხვადასხვა დარგის განვითარებაზე. ვიცით, რომ მთავარი გამოწვევაა ეკონომიკა, უმუშევრობა და ა.შ., მაგრამ ჩვენ გვავიწყდება მთავარი – ვერც ერთი პრობლემის გადაჭრა ვერ მოხერხდება სათანადო, ძლიერი, განათლებული თაობის გარეშე, ჩვენ უნდა შევძლოთ განათლების სისტემაში ძირეული ცვლილება და ის, რომ ამ კუთხით დავეწიოთ განვითარებულ მსოფლიოს”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აუცილებელია საქართველომ ფეხი აუწყოს წარმატებული ქვეყნების განვითარების ტემპებს.
“ტემპი, რომელიც ჯერ კიდევ არის ჩვენს ქვეყანაში, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ადეკვატურად ვუპასუხოთ გამოწვევებს, რომელიც დღევანდელი მსოფლიოს წინაშეა. საქართველო მართალია პატარა ქვეყანაა, მაგრამ არის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე რეგიონში თავისი ადგილმდებარეობით, გამორჩეული და ნიჭიერი ხალხით. ამიტომ, რა თქმა უნდა, ის უნდა იყოს ადეკვატური იმ გამოწვევებთან მიმართებაში, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა იმყოფება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.