“კარგი იქნება, ფქვილი სავალდებულო მარკირებას დაექვემდებაროს ” – ლევან სილაგავა

“საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, კარგი იქნება, ფქვილი სავალდებულო მარკირებას დაექვემდებაროს. ამის შესახებ სილაგავამ, მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. როგორც სილაგავამ განაცხადა, მარკირება ამ ბიზნესში აღრიცხვის გამჭვირვალობას უწყობს ხელს.

“ჩვენ რამდენიმე ინიციატივა გვქონდა, მათ შორის ერთი იყო ფქვილის ხარისხის კონტროლთან დაკავშირებით. ანუ, ვინმეს თუ პრეტენზია ექნებოდა, დამოუკიდებელ ლაბორატორიაში მომხდარიყო შემოწმება. გახსოვთ, მეპურეებს გარკვეული მიმართვიანობა ჰქონდათ [ფქვილის ხარისხთან დაკავშირებით]. ეს საკითხი უკვე დარეგულირდა, ჩვენ შევჯერდით, რომ პრეტენზიის შემთხვევაში ფქვილთან მიმართებით ანალიზებს დამოუკიდებელი ლაბორატორია გააკეთებს.

მეორე საკითხი ფქვილის მარკირების შესახებ იყო. ჩვენი მიმართვიანობა გამოწვეული იყო იმით, რომ ბაზარზე ფქვილის აღრიცხვიანობა მოწესრიგდეს. პურის მწარმოებლების მიერ, ჩვენ მიერ, სხვადასხვა ფერმერების მიერ მიმართვიანობა იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ბაზარზე გარკვეული რაოდენობის ე.წ. ჩრდილოვანი წარმოებებია, მათ შორის, ფქვილის წარმოებები. ძალიან კარგი მაგალითია და ეს შეიძლება, გამოვიყენოთ, როდესაც სავალდებულო მარკირება, წყლების შემთხვევაში, არაალკოჰოლური და ალკოჰოლური სასმელების შემთხვევაში გაკეთდა. ეს ძალიან კარგად მუშაობს. ვფიქრობთ, კარგი იქნებოდა, რომ ფქვილთან მიმართებით ანალოგიური განხორციელდეს. ჩვენ, ასოციაციის წევრი წისქვილკომბინატები ამ ინიციატივით გამოვედით, მივმართეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს , ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურთან ახლა ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს. მარკირება ხდება შემდეგნაირად: მაგ: წყლის წარმოება, “კოკა-კოლის” წარმოება ყიდულობს მარკას, რომელიც მაღალი დაცულობისაა, ერთ-ერთი შვეიცარიული კომპანიისაა, რომელიც ფინანსთა სამინისტროსთან ხელშეკრულებით არის. მაგალითად, წარმოებამ 1000 ცალი მარკა იყიდა, ის ვალდებულია, რომ ამ რაოდენობის მარკის აღრიცხვიანობა სწორად ჰქონდეს. ეს მთლიანად ბაზრის მოწესრიგებას უწყობს ხელს. შესაბამისად, ეს მკაცრი აღნიშვნის მარკა, წისქვილ კომბინატებს შეუძლიათ, იყიდონ, ასე ვთქვათ, “ჩასტროჩკონ” ფქვილის ტომარაში. რეალიზაციის დროს, გახსნის დროს თავისთავად ცხადია ეს იხევა და მეორეჯერ გამოყენებადი არ ხდება. ეს ამ ბიზნესში აღრიცხვიანობის გამჭვირვალობას უწყობს ხელს.

კითხვები იყო იმასთან დაკავშირებით, ხომ არ გააძვირებს მარკის ყიდვა ფქვილს ( ეს შემდეგ პურის ფასში რომ არ გადავიდეს). ჩვენ ამ შვეიცარიულ კომპანიასთან კონსულტაციები გავლილი გვაქვს და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან ამაზე მუშაობა მიმდინარეობს. დათვლილია, რომ ეს 50 კილოგრამიან ფქვილის ტომარას, დაახლოებით, 01 თეთრით აძვირებს, რაც კილოგრამებში რომ გადავიყვანოთ, საერთოდ არ არის რელევანტური. შესაბამისად, ამ მხრივ ყველაფერი წესრიგშია და ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან კარგი, ვთქვათ, მაგალითი იმისა, რომ ჩვენი დარგი ფქვილის გამოშვების, აღრიცხვიანობის და რეალიზაციის კუთხით მოწესრიგდეს”- განაცხადა სილაგავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები