დავით ბაქრაძე „ახალი უმაღლესი სასწავლებლის” სტუდენტებს შეხვდა
მთავრობის ადმინისტრაციაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქუტრებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე „ახალი უმაღლესი სასწავლებლის” სტუდენტებს შეხვდა.
ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრის ძირითადი მიზანი ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესში არსებული პროგრესის გაცნობა და ამ გზაზე არსებული გამოწვევების შესახებ საუბარი იყო. სტუდენტებთან შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.
დღევანდელ შეხვედრაზე მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობას ქართული საზოგადოებისა და პოლიტიკური სისტემის განვითარებისათვის და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში ამ მხრივ მიღწეული პროგრესი მნიშვნელოვნად აახლოებს საქართველოს სასურველ მიზნებთან.
სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების მიმართულებით საქართველოს მიერ დაფიქსირებული პროგრესი აღინიშნა აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტზე. ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ცალკეული ვალდებულებების განხორიცელების მიმართულებით კი მთავრობა აქტიურ მუშაობას განაგრძობს. გარდა ამისა, ბაქრაძემ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე კომუნიკაციის სტრატეგიის ეფექტიანი განხორციელებისა და საქართველოს მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
“ჩვენ სისტემატიურად ვახორციელებთ შეხვედრებს. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა გვიწევს ობიექტური ინფორმაციის მიწოდება ჩვენი საზოგადოებისთვის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ. სწორედ ამაზე ვისაუბრეთ. სტუდენტებს გავაცანით ის რეფორმები, რასაც ამ კუთხით საქართველოს მთავრობა ახორციელებს”,- განაცხადა ბაქრაძემ.