გიორგი ალიბეგაშვილმა ქართველი სპორტსმენების საზეიმო გაცილებაში მიიღო მონაწილეობა
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში 12-28 ივნისს ევროპის პირველი ოლიმპიური თამაშები ჩატარდება. საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში ქართველი სპორტსმენების საზეიმო გაცილება მოეწყო, რომელსაც დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ასევე მონაწილე სპორტსმენები, ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და ცნობილი სახეები დაესწრნენ.
ფიცის დადების ცერემონიალის შემდეგ მოწვეულმა სტუმრებმა საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს სიტყვით მიმართეს და ახალგაზრდებს წარმატებები უსურვეს. გიორგი ალიბეგაშვილმა სპორტში ქართველების განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა.
,,მიხარია, რომ ქართველი სპორტსმენების გაცილების პატივი მხვდა წილად. ქართველები ოდითგანვე კარგი მოასპარეზენი ყოფილან და ეს მრავალი დოკუმენტით, უწინარესად – ისტორიული, არქეოლოგიური და ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული მასალებით, ლიტერატურული წყაროებით, ქართველ თუ უცხოელ მემატიანეთა ცნობებით დასტურდება”,- განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა და სპორტსმენებს ევროპულ თამაშებში საქართველოს სახელის ღირსეულად დაცვა უსურვა.
ცერემონიალის დასასრულს, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა საქართველოს სახალხო არტისტსა და საზოგადო მოღვაწეს კახი კავსაძეს სპეციალური ოლიმპირი ჯილდო გადასცა. ბაქოში გასამართ პირველ ევროპულ თამაშებში საქართველო 13 სახეობის 17 დისციპლინაში იასპარეზებს. სულ ჩვენი ქვეყნის ღირსებას აზერბაიჯანის დედაქალაქში 104 სპორტსმენი დაიცავს.