საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც კომისიის წევრებმა წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილების პროექტის თაობაზე იმსჯელეს.
აღნიშნული პროექტი დეპუტატებს თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ზაზა ცინაძემ წარუდგინა, რომლის განხორციელების წესიც თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „სპორტული ღონისძიებების“ და პროგრამის „ახალგაზრდული ღონისძიებების“ დაფინანსების განხორციელების პირობებს გულისხმობდა.
ზაზა ცინაძის თქმით, აღნიშნული წესის განხორციელების მიზნით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი შექმნის კომისიას, რომლის შემადგენლობაში მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის წარმომადგენელთა გარდა საკრებულოს წევრები იქნებიან ჩართულები.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის ქეთევან ჯოხაძის განცხადებით, კომისია სპორტული და საგანმანათლებლო პროგრამების ისეთ მიმართულებებს დააფინანსებს, როგორიცაა: სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარების ხელშეწყობა, საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, ახლად შემქნილი ახალგაზრდული ორგანიზაციების სტიმულირება, 2015 წელს თბილისში დაგეგმილი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისათვის მაღალი კლასის სპორტსმენების მომზადება…
„ვფიქრობ, პროცესში საკრებულოს ჩართულობის გაზრდა ძალიან მნიშვნელოვანია. კომისიაში, რომელიც თბილისის ტერიტორიაზე რეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაციების, საინიციატივო ჯგუფების, სპორტული ფედერაციებისა და კლუბების, ასევე ახალგაზრდული ცენტრების, ორგანიზაციებისა და სტუდენტური თვითმმართველობების მიერ შემოთავაზებული პროექტების დაფინანსებას განახორციელებს, ობიექტურობის მიზნით, კონკრეტული დარგის სპეციალისტებიც იქნებიან ჩართულები. ეს კი დაფინანსების პროცესს უფრო ეფექტიანსა და გამჭვირვალეს გახდის“,- განაცხადა ქეთევან ჯოხაძემ.