ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროექტის საზედამხედველო საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროექტის (CIB) საზედამხედველო საბჭოს სხდომა გაიმართა.
შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, ევროკავშირის დელეგაციის პროექტების ხელმძღვანელი ორტეგა აპარიციო ალვარო, სუსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზაზა დოლიძე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ხელმძღვანელი ლალი მაძღარაშვილი, ფინასთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მონაწილეებმა ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში განიხილეს. „მნიშვნელოვანია CIB-ის მხარდაჭერა სურსათის ეროვნული სააგენტოს სისტემის გაძლიერებისთვის და ინსტიტუციური განვითარებისთვის“ – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის ზაზა დოლიძის განცხადებით, სააგენტო CIB- პროექტის ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობს რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორებიცაა სააგენტოს თანამშრომელთა ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლება, ცნობადობის გაზრდა, ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება-გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურის სრულყოფა და საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროექტი (CIB) საქართველოში 2012 წლიდან ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსტიტუციურ განვითარებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები