ნინო გვენეტაძე ბათუმში მოსამართლეებს შეხვდა

უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ბათუმში, სასტუმრო “რედისონში” დასავლეთ რეგიონის სასამართლოების მოსამართლეებს შეხვდა.
უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით, შეხვედრა იმ საკანონმდებლო ცვლილებების განხილვის გაგრძელებაა, რომელიც მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში უნდა განხორციელდეს.
ნინო გვენეტაძემ მოსამართლეების წინაშე დისკუსიის რეჟიმში მოხსენებები წარმოადგინა: “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანულ კანონში, “საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ”, “საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ” და “უზენაესი სასამართლოში საკასაციო საჩივრის დასაშვებობის კრიტერიუმების შესახებ” კანონებში შესატანი ცვლილებების შესახებ.
კანონპროექტების შესახებ მოხსენებების წარმოდგენის შემდეგ დისკუსია გაიმართა. მოსამართლეებმა კმაყოფილება გამოთქვეს ამ ფორმატში დისკუსიის გამართვისთვის და აღნიშნეს, რომ დასაფასებელია მათი აზრის და პოზიციების მოსმენა და გაზიარება. შეხვედრაზე დამსწრე მოსამართლეთა უმეტესმა ნაწილმა აღნიშნა, რომ მათთვის ცხადია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფარგლებში დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტის შემოღების საჭიროება დისციპლინური სამართალწარმოების მექანიზმის ასამოქმედებლად. აღნიშნული ინსტიტუტი მოემსახურება დისციპლინური საქმის წარმოების მიზანს და არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს მოსამართლეთა დამოუკიდებლობისთვის.
“იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ” კანონპროექტის განხილვის დროს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ გამოთქვა მოსაზრება, მსმენელთა სწავლების პროცესში რეგიონის მოსამართლეების ექსპერტებად ჩართვის შესახებ. მოსამართლეთა კორპუსმა ასევე წარმოადგინა მოსაზრებები პრაქტიკულ სამოსამართლეო საქმიანობაში არსებულ პრობლემურ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან აღნიშნული შეხვედრები ორგანიზებულია ევროპის საბჭოს პროექტის “მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გაძლიერება საქართველოში” მხარდაჭერით. მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ნინო გვენეტაძე მოსამართლეთა კორპუსს უკვე მეხუთედ შეხვდა.
მომდევნო შეხვედრა აღმოსავლეთ რეგიონის მოსამართლეებისთვის ყვარელში 12-13 ივნისს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები