„მზის შვილების“ ხელმძღვანელი განცხადებას ავრცელებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „მზის შვილების“ ხელმძღვანელი ინგა ლოლაძე განცხადებას ავრცელებს.
1 ივნისს საქართველოში ყველა სატელევიზიო არხმა და ბეჭდურმა მედიამ ფართოდ გააშუქა ქვეყნის მასშტაბით ბავშვთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები – „პრემიერმა ბავშვებს მიულოცა…“ „განათლების მინისტრი ბავშვებთან ერთად…“ „პრეზიდენტი მზიურს ესტუმრა…“ „ვიცე-სპიკერი და ბავშვები…“
პარლამენტის თავმჯდომარე, თავდაცვის მინისტრი, თბილისის მერი, ჯანდაცვის მინისტრი, ამის მინისტრი, იმის მინისტრი, მოკლედ, ყველა მინისტრი და ბავშვები… არასამთავრობო ორგანიზაციებმა „მზის შვილები“ და კავშირი „ჩვენი ბავშვები“ ბავშვთა უფლებების დაცვა თავად ბავშვებს მივანდეთ. პროექტი სიმბოლურად 1 ივნისს დაიწყო, 3 დღეს მოიცავდა.
პირველ შეხვედრაზე ბავშვებს მათთვის ადვილად გასაგები ფორმით ბავშვთა უფლებების კონვენციაზე ვესაუბრეთ, წავუკითხეთ ნაწყვეტები პოლონელი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის იანუშ კირჩაკის ნაწარმოებიდან „მეფე მათეუშ პირველი“. მერე, ყველა ერთად ვისხედით და წაკითხულს ვაანალიზებდით. ღონისძიებაზე სტუმრად არც პრეზიდენტი გვყოლია, არც პრემიერი, არც სხვა მინისტრები, ვიყავით მხოლოდ ჩვენ – დაუნის სინდრომისა და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები, მათი და-ძმა და მშობლები. მიუხედავად იმისა, რომ პრესრელიზები თითქმის ყველა ტელევიზიას გადავუგზავნეთ, ღონისძიების გასაშუქებლად ჩვენთან არავინ მოსულა.
მეორედ 3 ივნისს შევიკრიბეთ და ჩვენთან ერთად იყო ყველასათვის საყვარელი ბაბილინა (უღრმესი მადლობა მას!). ბავშვებმა წინა შეხვედრის დროს მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დამოუკიდებლად, ყოველგვარი მითითებისა და კარნახის გარეშე დაამზადეს ტრანსფარანტები და პლაკატები. ნებისმიერი ის ტრანსფარანტი და პლაკატი ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებულია, რაც კი ოდესმე მინახავს – ყველა ბავშვს აქვს სწავლის უფლება; ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით; ჩვენ გვაქვს უფლებები ხატვის, სწავლის, სიყვარულის, მზრუნველობის; გაუფრთხილდით ბავშვებს;
მინდა, რომ უფროსებს უყვარდეთ ბავშვები, სახელმწიფო ზრუნავდეს ყველა მათგანზე ყოვე დღე; მე მინდა სკვერი სახლთან ახლოს; ყველა ბავშვს აქვს დასვენების, გართობის უფლება; ბავშვის დამცირება არ შეიძლება, არ შეიძლება მასზე ძალადობა! მინდა სახელმწიფო იმ ბავშვებს დაეხმაროს, ვინც ბავშვთა სახლში არის! მე მინდა ყველა ბავშვი იყოს ბედნიერი! მე მსურს ჩემი აზრის გამოთქმა! კარგად უნდა მოექცეთ ბავშვებს! – ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, რაც ბავშვებმა დაწერეს იმ დღეს.
3 ივნისის შეხვედრის ,რესრელიზები ისევ ყველა ტელევიზიას გადაეგზავნა და ალბათ ბაბილინას დამსახურებაა, რომ მოვიდა…სამწუხაროდ, მხოლოდ „რუსთავი 2“.
3 ივნისს ექვსაათიან კურიერში 1-წუთიანი სიუჟეტი გავიდა – ახალი სტანდარტების მიხედვით ბავშვების გადადღაბნილი სახეებით. 7 ივნისს მესამე და ბოლო შეხვედრა შედგა. ილიაუნიდან უნივერსიტეტის პირველ კორპუსამდე ჟივილ-ხივილით ჩაიარეს „უფლებებით“ ფრთაშესხმულმა ბავშვებმა. ძნელია სიტყვებით გადმოცემა იმ სითბოსი და სიყვარულისა, რომელსაც მაღაზიების კარებთან მდგარი, წინ შემხვედრი, ქუჩაში მომავალი მანქანებიდან თუ მსვლელობას შემოერთებული ადამიანების მზერაში ვხედავდი. უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან მერიის მიერ გამოყოფილი ტრანსპორტი საკმარისი არ აღმოჩნდა და მსვლელობის რამდენიმე მონაწილე ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, გულწრფელად მოღიმარი სახით, ვარაზისხევში გაჩერებულმა უცნობმა (ტაქსი) აიყვანა ლისის ტბაზე და უღრმესი მადლობა მას. ბავშვების, რომლებიც იცავდნენ თავის უფლებებს, მსვლელობამ ჭავჭავაძის გამზირზე და ულამაზესმა კონცერტმა ლისის ტბაზე, ისევ კამერებისა და ჟურნალისტების გარეშე ჩაიარა.
არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რომ ღონისძიება, რომელზეც ზემოთ ვისაუბრე, ტელევიზიებისა და პრესისთვის თავის მოსაწონებლად გაკეთდა. არა! ერთადერთი მიზეზი, რისთვისაც ამ ღონისძიების ფართოდ გაშუქება მინდოდა (დარწმუნებული ვარ, იგივეს ფიქრობენ ღონისძიების სხვა ორგანიზატორებიც), მხოლოდ ის იყო, რომ გვინდოდა ბევრ, რაც შეიძლება ბევრ ბავშვს ენახა, რომ მათი თანატოლები, ბავშვები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში მხოლოდ სიბრალულსა და თანაგრძნობას იწვევენ საზოგადოების გარკვეულ ფენებში, ცხოვრობენ სრულფასოვანი ცხოვრებით, ფიქრობენ და ამ ნაფიქრალის გადმოცემის შეუდარებელი, შესაშური ნიჭი აქვთ. შეუძლიათ თავად დაამსხვრიონ სტიგმა, რომელსაც ჩვენ, მათი მშობლები უკვე რამდენიმე წელია ვებრძვით და რაც მთავარია, მათ აქვთ ძალა, თავად დაიცვან საკუთარი უფლებები.
1 ივნისი ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე იყო და ბავშვებმა, რომლებმაც მასმედიის კეთილგანწყობა ვერ თუ არ დაიმსახურეს, შთაბეჭდილებებით სავსე სამი ულამაზესი დღე აჩუქეს საკუთარ თავს. ვერავისთან გადაღებული სურათი, ვერანაირი საჩუქარი, ვერანაირი გასართობი ცენტრი ვერ გაუწევს კონკურენციას ამ სამ დღეს. ახლა ვზივარ და ფოტოებს ვათვალიერებ.ყველა მათგანიდან საოცარი ძალა და ენერგია მოდის, ყველა ფოტო სიყვარულით, სიხარულით, უკეთესი მომავლის რწმენითაა სავსე. ვათვალიერებ ფოტოებს და მტკივა… მხოლოდ სოციალურ ქსელში რატომ ვრცელდება საკუთარი უფლებების დამცველი ბავშვების ფოტოები (ღონისძიების ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიერ გადაღებული), ნუთუ დღეს ყველა ტელევიზიის კამერები ამ ბავშვებისკენ არ უნდა ყოფილიყო მომართული? ხუმრობა საქმეა? – „ბავშვები იცავენ თავიანთ უფლებებს“!

11349021_864189293630124_1654036134_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები