სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პროექტი „პატიმართა წერილები მომავალს“ დაიწყო

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პროექტი „პატიმართა წერილები მომავალს“ დაიწყო. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის მიზანია დანაშაულის პრევენცია და კრიმინალური სამყაროს წინააღმდეგ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება, მოზარდებში კრიმინალური სუბკულტურით ინსპირირებული რომანტიკის გაქარწყლება, მსჯავრდებულთათვის თვითრეაბილიტაცია – რესოციალიზაციის ხელშეწყობა.
პროექტში მონაწილე ადამიანების უმეტესობა უშუალოდ არის საკუთარი კრიმინალური აზროვნების მსხვერპლი, შესაბამისად, მათ ყველაზე მძაფრად და ნათლად შეუძლიათ აუხსნან მომავალ თაობას, რას წარმოადგენს რეალურად გისოსებსმიღმა სამყარო.
მსჯავრდებულები შვილებისთვის გაგზავნილ წერილებში ღიად საუბრობენ საკუთარ შეცდომებზე, პატიებას სთხოვენ მათ და მოუწოდებენ მაქსიმალურად ერიდონ კრიმინალურ სამყაროს.
„ჩვენი უწყების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი დანაშაულის პრევენციაა და ეს უნდა მოხდეს არა მხოლოდ სასჯელის აღსრულების, არამედ მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის გზით. შვილები, მომავალი თაობა ის სუფთა ძაფია, რომელიც ამ ადამიანებს გარე სამყაროსთან აკავშირებთ და ეს ძაფი მათივე წარმატებული რეაბილიტაციისთვის მაქსიმალურად უნდა გავაძლიეროთ. ამასთან, მოცემული წერილები ყველაზე ხელშესახები მაგალითებია იმისა, რომ ე.წ. კრიმინალური სუბკულტურა არის დიდი, მანკიერი ილუზია, რომელიც გართმევს ყველაზე ძვირფასს-თავისუფლებას, საყვარელ ადამიანებს. მე მინდა, რომ პატიმართა ეს ერთგვარი აღსარება წაიკითხონ მოზარდებმაც და თუ ისინი ცხოვრებაში მსგავსი გამოწვევების წინაშე დადგებიან, გაახსენდეთ მსჯავრდებულთა მონათხრობი-შეცდომებით დანგრეული ცხოვრება და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ იგივე არასდროს გააკეთონ“, – მიიჩნევს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი.
წერილები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში მოიყრის თავს. საგანგებოდ მოწვეული საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, მათ შორის ფსიქოლოგი, საუკეთესო წერილებს შეარჩევენ. ყველაზე გულწრფელი წერილებისგან წიგნი აიკინძება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში თეატრალური წარმოდგენაც იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები