რიმა ბერაძემ კატრინ ღუსსელს ფიროსმანის მუზეუმი დაათვალიერებინა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ – გიორგი ალიბეგაშვილმა, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ და ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა – რიმა ბერაძემ, ასევე წარმომადგენლობითი ორგანოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ – ნუგზარ მალაღურაძემ, საერთაშორისო ქართულ-ფრანგული ასოციაცია GFA-ს პრეზიდენტს კატრინ ღუსსელს ფიროსმანის ქუჩის ინფრასტრუქტურა და ამავე ქუჩაზე მდებარე დიდი ქართველი მხატვრის – ნიკო ფოროსმანის ბინა-მუზეუმი დაათვალიერებინეს.
როგორც რიმა ბერაძემ განაცხადა, თბილისის საკრებულოსა და ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის საფუძველზეც ფრანგული მხარე ინვესტორების მოძიებაში დაგვეხმარება, რაც ქალაქებს შორის მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. თანამშრომლობა, მხარეებს შორის პროფესიული საქმიანობის ფარგლებში, გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კატრინ ღუსსელმა სურვილი გამოთქვა, პირადად გაცნობოდა ფიროსმანის ქუჩაზე არსებულ მდგომარეობას და რაც მთავარია, ნიკო ფიროსმანის მუზეუმში არსებულ სიტუაციას. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, რომ როგორც მუზეუმთან, ასევე ქუჩის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, მას ჩვენი რეკომენდაციები წარვუდგინოთ“, – აღნიშნა რიმა ბერაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები