გარემოს დაცვის სამინისტრომ მდინარე მტკვარზე დასუფთავების აქცია გამართა
2 ივნისი მტკვრის დაცვის დღეა, რომელიც კოალიცია “მტკვარ-არაქსის” ინიციატივით 1999 წელს დაარსდა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივის „ეს მარტივია – იზრუნე გარემოზე“ კამპანიის ფარგლებში, მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარზე დასუფთავების აქცია გამართა. აქციაში გიგლა აგულაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად მიიღო მონაწილეობა.
გარემოს დაცვის სამინისტროსინფორმაციით, ღონისძიების მიზანია საზოგადოების ჩართვა და მისი ცნობიერების ამაღლება მტკვრის მნიშვნელობასთან, ასევე წყლის რესურსების გაფრთხილების და დაცვის აუცილებლობასთან დაკავშირებით.
დღესვე, მდ. მტკვარზე გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეცილისტებმა წყლის სინჯები ადგილზე აიღეს. გარემოს ეროვნული სააგენტო ყოველთვიურად ახორციელებს მდინარე მტკვრის მონიტორინგს 13 წერტილში და მდინარის შენაკადებზე ასევე 13 წერტილში, სულ 26 წერტილში. წყლის სინჯების აღების დროს ადგილზე ისაზღვრება ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები, ხოლო ლაბორატორიებში განისაზღვრება არაორგანული და ორგანული დამაბინძურებლები, ასევე მძიმე ლითონები.
სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წელს სააგენტომ საქართველოს ზედაპირულ წყლებზე დაკვირვების წერტილები გაზარდა 47 პუნქტით. წლის განმავლობაში დაკვირვება სულ ჩატარდება 52 მდინარისა და 8 ტბის 116 წერტილში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აქედან 16 წერტილში კვლევები განხორციელდება ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის შესაბამისად, რაც გულისხმობს, რომ ქიმიური მონიტორინგის გარდა ჩატარდება ჰიდრობიოლოგიური მონიტორინგიც. შესაბამისად ამ წერტილებში მოხდება წყლის ეკოლოგიური მდგომარეობის დადგენა.
გარდა ამისა, სამინისტრო მუშაობს “წყლის რესურსების მართვის” კანონპროექტზე, ახალი კანონი დაეყრდნობა მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში აპრობირებულ და საერთაშორისოდ აღიარებულ თანამედროვე მოთხოვნებს.ახალი კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირებული ხელშეკრულების მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფას, ასევე წყლის რესურსების მართვის თანამედროვე, ინტეგრირებული მართვის სისტემაზე გადასვლას.
მტკვრის დაცვის დღე 16 წელია აღინიშნება. მტკვარი საქართველოს უმთავრესი მდინარეა. მისი აუზი მოიცავს ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთს, მთელ ცენტრალურ და აღმოსავლეთ საქართველოს, თითქმის მთელ აზერბაიჯანს, მთელ სომხეთს და ჩრდილო-დასავლეთ ირანს. მტკვრის აუზის საერთო ფართობი 188 000 კვადრატული კილომეტრია; მდინარის მთლიანი სიგრძე 1515 კილომეტრს შეადგენს. საქართველოს ტერიტორიაზე მტკვრის სიგრძე 390 კილომეტრია. საქართველო წყლის რესურსების სიუხვით ევროპაში მე-3 ადგილზეა. საქართველოს ტერიტორიაზე 26000-ზე მეტი სხვადასხვა სიდიდის მდინარე მიედინება, რომელთა საერთო სიგრძე 60 ათას კმ-ს აღწევს. მტკვარი ტრანსსასაზღვრო მდინარეა, რის გამოც ეს დღე საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ერთდროულად აღინიშნება.