ქობულეთში ხინოწმინდობის დღესასწაული აღინიშნა
ქობულეთში ხინოწმინდობის დღესასწაული საზეიმოდ აღინიშნა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა, ადგილობრივ მოსახლეობას სახალხო ზეიმი მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
„დღეს ჩვენი რეგიონისთვის ერთ-ერთი გამორჩეული დღესასწაულია. ეს არის ეკლესიისა და სახელმწიფოს ერთიანობის ზეიმი. ჩემთვის, როგორც კინტრიშის ხეობის მკვიდრისთვის, უდიდესი პატივია, რომ სიტყვით მოგმართავთ და თქვენთან ერთად აღვნიშნავ ამ დღეს. ოდითგანვე ჩვენი მთავარი ძალა იყო რწმენა და სულიერება. დღეს, როდესაც ჩვენი ერის წინაშე კვლავ მრავალი გამოწვევა დგას, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო და ეკლესია ერთიანობით ემსახურებოდეს საერთო მიზანს – ქართველი ხალხის კეთილდღეობას, სამშობლოს გაძლიერებას მშვიდობიანი პოლიტიკით და მომავალი თაობების აღზრდას. ჩვენს რეგიონში აქტიურად გაგრძელდება ეკლესიებისა და მონასტრების, როგორც რესტავრაცია, ასევე მშენებლობა, რაც ჩვენი რწმენის გაძლიერებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
ხინოწმინდაში აქტიურად მიმდინარეობს იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის ტაძრის აღდგენის სამუშაოები. დღეს ტაძარზე ჯვრის აღმართვის ცერემონია გაიმართა. სამუშაოების დასრულება კი 2026 წლისთვის არის დაგეგმილი.
ღონისძიების ფარგლებში, ხინოწმინდის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, დამსახურებულ პირებს, მათ შორის აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს „საპატიო ხინოწმინდელის“ დიპლომი გადაეცათ.
ხინოწმინდობის სახალხო დღესასწაულს აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ქობულეთის მერობის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ცეცხლაძე, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.