დავით ნარმანია გერმანელი მეცნიერის გამოგონების – ICR რეაქტორის შესახებ პრეზენტაციას დაესწრო

თბილისის მერი დავით ნარმანია გერმანელი მეცნიერის, კრისტიან კოხის გამოგონების – ICR რეაქტორის შესახებ პრეზენტაციას დაესწრო.
გამოგონება, რომელიც გერმანელი მეცნიერის მიერაა დაპატენტებული, ICR რეაქტორის საშუალებით ავტოსატრანსპორტო საშუალების მიერ მავნე გამონაბოლქვის და გარემოზე მავნე ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირებას და საწვავის ეკონომიას უზრუნველყოფს.
თბილისის მერის განცხადებით, გერმანელი მეცნიერის გამოგონებას ექსპერტებთან და შესაბამის უწყებებთან ერთად განიხილავენ და შესაძლოა სიახლე სამომავლოდ დაინერგოს.
„გერმანელმა მეცნიერმა ძალიან საინტერესო გამოგონება შემოგვთავაზა, რომელიც გამოცდილი და აპრობირებულია. გამოგონება უზრუნველყოფს საწვავის ეკონომიას და მავნე გამონაბოლქვის შემცირებას. ჩვენ დავნიშნეთ ექპერტიზა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, სადაც დადასტურდა როგორც საწვავის ეკონომია, ასევე ჰაერში მავნე გამონაბოლქვის მოცულობის შემცირება. შესაბამისი დასკვნა გადავუგზავნეთ სამინისტროებს, რომლებიც ამ საკითხებზე არიან პასუხისმგებლები. მათი და ექსპერტების მონაწილეობით ვიხილავთ გამოგონების დადებით მხარეებს და მისი დანერგვის შესაძლებლობებს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
კრისტიან კოხის განცხადებით, ICR რეაქტორის დახმარებით საწვავის მოხმარება 12-დან 20 პროცენტამდე შემცირდება, გამონაბოლქვის დონე კი 65-დან 90 პროცენტამდე დაიკლებს.
„რეაქტორი აჩქარებს საწვავის გადამუშავების პროცესს და ასრულებს კატალიზატორის როლს, რათა გამონაბოლქვი იყოს სუფთა. ის 90%-ით ამცირებს მავნე ნივთიერებებს გამონაბოლქვში. ამასთან, ზრდის საწვავის ეფექტურობას და ვიღებთ ეკონომიას. გარდა ამისა, ძველი მანქანის ძრავში წვის პროცესი უარესდება. ამ რეაქტორის საშუალებით კი წვის პროცესი უმჯობესდება და მანქანის გამოყენების ხანგრძლივობაც იზრდება“, – განაცხადა კრისტიან კოხმა.
გერმანელი გამომგონებლის მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციას სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში თბილისის მერის მოადგილე გიორგი სოლომონია, სატრანსპორტო სამსახურის უფროსი გიორგი გურგენიძე, თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი პაატა ჯაჭვლიანი, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები