საბავშვო ბაგა-ბაღში ღონისძიება – „უსაფრთხოება იწყება ბაღიდან“ გაიმართა
თბილისის N23 საბავშვო ბაგა-ბაღში ღონისძიება „უსაფრთხოება იწყება ბაღიდან“ გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა მიწისძვრის სიმულაციური თამაში წარმოადგინეს.
ღონისძიებაზე აჩვენეს, როგორ უნდა დატოვო შენობა მიწისძვრის დროს და დახმარებისათვის გამოიძახო შესაბამისი სამსახურები. საჩვენებელ თამაშებში ჩართული იყო სასწრაფო- სამედიცინო და სახანძრო დახმარების მანქანები. საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა თოჯინების წარმოდგენაც გამართეს. პროექტი „უსაფრთხოება იწყება ბაღიდან“ ხორციელდება – „ჩვენ მზად ვართ! კატასტროფის რისკის შემცირება საქართველოს საბავშვო ბაღებში“ -პროგრამის ფარგლებში.
პროექტის მიზანია, გაზარდოს სკოლამდელი ასაკის ბავშვების, მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებისა და მათი აღმზრდელების დაცულობა და ინფორმირებულობა.
პროგრამის მიმდინარეობას აქტიურად უჭერს მხარს თბილისის მერია არბაითერ-სამარიტერ-ბუნდთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე. პროექტის განხორციელებაში ჩართულები არიან: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.
„ჩვენ მზად ვართ! კატასტროფის რისკის შემცირება საქართველოს საბავშვო ბაღებში“ – პროგრამას გერმანული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB) „ევროკომისიის ჰუმანიტარული მისიისა და სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტისა“ (ECHO) და „კოალიცია – გერმანია ეხმარებას“ (Aktion Deutschland Hilft) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.