ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით თბილისში გველები მომრავლდნენ
ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, თბილისში გველები მომრავლდნენ. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, მაისის თვეში გველთან დაკავშირებით 109 გამოძახებაა, ხოლო აპრილის თვეში 5 გამოძახება იყო. მათივე ინფორმაციით, გამოძახებები თბილისის ყველა უბნიდან, მათ შორის საცხოვრებელი კორპუსებიდან და ძველი საცხოვრებელი სახლებიდან ფიქსირდება.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის, თეიმურაზ ფხალაძის განცხადებით, ქვეწარმავლის დანახვის შემთხვევაში მოქალაქეებმა უნდა დაუკავშირდნენ 112-ს. მისივე თქმით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს გველდამჭერთა მობილური ჯგუფები 24-საათიანი რეჟიმში მუშაობენ. გველების მხრიდან ადამიანის დაკბენის ფაქტი ამ დროისთვის არ დაფიქსირებულა.
„ამ დროისთვის, შემდეგი სახეობის გველები არიან დაფიქსირებულები: გველხოკერა, ჩვეულებრივი ანკარა, წყლის ანკარა, წითელმუცელა მცურავი და აგრესიული ნაირფერი მცურავი, ამიერკავკასიური მცურავი, ოთხზოლიანი მცურავი, ეირემისი, გველბრუცა, კატისთვალა გველი და ცენგოს ფერი მცურავი. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს განმარტებით, მათ შორის შხამიანი არცერთი არ არის“,- აცხადებენ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში.