ყაზახეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა

ყაზახეთის და ყირგიზეთის რესპუბლიკებში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და ყაზახეთის რესპუბლიკის კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ყაზახეთის რესპუბლიკაში ქართული კულტურის დღეები გაიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებებში მონაწილეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა ,,საქპატენტმა“ და საქართველოს სომელიეთა ასოციაციამ მიიღო.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას 400-მდე სტუმარი დაესწრო – ყაზახეთის რესპუბლიკაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი, ყაზახეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ბიზნესწრეების, კულტურის სფეროსა და მასმედიის წარმომადგენლები, სხვადასხვა ანალიტიკური ჯგუფების წევრები, ასევე ასტანაში, ყარაგანდაში და, ალმატაში მოქმედი ქართული დიასპორის წევრები.

ღონისძიების ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ყაზახეთში საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარიძემ. მან ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების აქტუალურ საკითხებზე. ყაზახეთის მხრიდან სიტყვით გამოვიდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე რ. ჟოშიბაევი. პირველი მოადგილის მიმართვაში ხაზგასმული იყო საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები, სტრატეგიული პარტნიორობის და მათი შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე, ასევე გაიმართა პრეზენტაცია ყაზახეთის რესპუბლიკის ეროვნული ავიაკომპანია Air Astana-ს მიერ ასტანა–თბილისი–ასტანას მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ავიარეისების გახსნასთან დაკავშირებით. ავიაკომპანია Air Astana-ს მიერ გაიმართა საქართველოში ერთკვირიანი საგზურის გათამაშება.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღების ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა ექსპოზიცია, ქართული ღვინისა და ვაზის კულტურის თაობაზე, რომელიც წარმოდგენილი იქნა საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტის ბატონი შ. ხეცურიანის მიერ. პრეზენტაციის ფარგლებში ხაზი გაესვა საქართველოში მეღვინეობის უძველესი კულტურის და ტრადიციის უწყვეტობის ასპექტებს. პრეზენტაციის ფარგლებში ასევე აღინიშნა იუნესკოს მიერ ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ტრადიციული მეთოდის მსოფლიო არამატერიალური კულტურის ნიმუშად აღიარების შესახებ. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა ქართველი მზარეულების მიერ მომზადებული ტრადიციული კერძების დაგემოვნება, მრავალი სახეობის ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების დეგუსტაცია, რამაც მოწვეული სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენელის მიერ გაიმართა პრეზენტაცია ტურისტული რეგიონების პოტენციალის შესახებ. დამსწრე საზოგადოების წინაშე წარმოდგენილი იქნა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული სუვენირები და საინფორმაციო ილუსტრირებული ბროშურები, საქართველოს კულტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობების, საქართველოს ტურისტული რეგიონების პოტენციალისა და ეთნოგრაფიული კუთხეების, საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და განხორციელებული რეფორმების შესახებ ინფორმაცია.

დამოუკიდებლობის კვირეულის ფარგლებში 29 მაისს ყაზახეთის რესპუბლიკის ოპერისა და ბალეტის თეატრის „ასტანა ოპერას“ სცენაზე გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი და საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 23 წლის თარიღისადმი მიძღვნილი გალაკონცერტი.

გალაკონცერტში ქართველ არტისტებთან ერთად დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგნენ ყაზახეთის რესპუბლიკის ოპერისა და ბალეტის თეატრის „ასტანა ოპერას“ სოლისტები. კონცერტის ფარგლებში გაიმართა ფოტოგამოფენა Spectacular Georgia, რა დროსაც წარმოდგენილი იქნა საქართველოს ლანდშაფტების, ქართული კულტურული მემკვიდრეობის და ახალი არქიტექტურული ნაგებობების ამსახველი 80 ფოტოსურათი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები