„აგროდაზღვევის“ პროგრამაში მონაწილე ფერმერებს სტიქიისგან მიყენებული ზარალი მთლიანად აუნაზღაურდებათ
ძლიერი სეტყვის შედეგად, გორის რაიონში სოფლის მეურნეობის სამინისტროს “აგროდაზღვევის” პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარები დაზარალდნენ.
როგორც “კვირას“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სადაზღვევო კომპანიებში სატელეფონო შეტყობინებები შედის, რის საფუძველზეც სადაზღვევო აგენტები ადგილზე ეტაპობრივად გავლენ და სეტყვის შედეგად მიყენებულ ზარალს დაითვლიან, ჯერჯერობით ზარალის ოდენობის განსაზღვრა შეუძლებელია.
“აგროდაზღვევაში მონაწილე ფერმერებს ზარალი სრულად აუნაზღაურდებათ. პროგრაში, რომელსაც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს, გორის რაიონში მცხოვრები 333 ფერმერი ჩაერთო. სახელმწიფო პროგრამა ფერმერებს შესაძლებლობას აძლევს, რომ დააზღვიონ მოსავალი შემდეგ სტიქიურ მოვლენებზე: სეტყვა, ჭარბი ნალექი, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა. სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოუწოდებს ყველა ფერმერს, ჩაერთოს აგროდაზღვევის პროგრამაში, რათა თავიდან აიცილოს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი“,-აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.