ირაკლი ღარიბაშვილი დღეს სამეგრელოს ეწვევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დღეს სამეგრელოს რეგიონს ეწვევა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, 13:30 საათზე, მთავრობის მეთაური სოფელ ცაიშში, კომპანია STIMOR Associate-ის სასათბურე მეურნეობას დაათვალიერებს, რომელიც პროგრამის – “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში, 2 მილიონი აშშ დოლარით დაფინანსდა.
14:00 საათზე, პრემიერ-მინისტრი ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან და აშშ-ის ელჩ რიჩარდ ნორლანდთან ერთად, ქალაქ ზუგდიდში McDonald’s-ს გახსნის და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს უმასპინძლებს. 14:30 საათზე, ირაკლი ღარიბაშვილი დადიანების სასახლეს ესტუმრება, სადაც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში არსებული კულტურული ძეგლების, ზუგდიდის ცენტრალური სტადიონისა და ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროექტებს დაათვალიერებს.
მთავრობის მეთაური ასევე დაესწრება აშშ-ს საელჩოს მიერ დადიანების ეკატერინეს სასახლის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაციას. დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა. 15:20 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზუგდიდში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, აშშ-ს მთავრობის მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო ბაზრობას დაათვალიერებს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება. სამეგრელოს რეგიონში სტუმრობისას, ირაკლი ღარიბაშვილი 16:00 საათზე სოფელ რუხშიც ჩავა, სადაც მშენებარე მულტიფუნქციური საავადმყოფოსა და სავაჭრო ცენტრის პროექტებს გაეცნობა.