საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიამ მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს უმასპინძლა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიამ თამარ მეფის სახელობის ცენტრალურ დარბაზში მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს უმასპინძლა და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნა. კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის ინიციატივით, თბილისის ხელოვნების სკოლებისა და მზრუნველობამოკლებულთა დღის ცენტრის ბავშვებმა საკუთარი შემოქმედება წარმოადგინეს. ბავშვებსა და მიწვეულ სტუმრებს სიტყვით საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა მიმართეს. გიორგი ალიბეგაშვილმა დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთობლივი ღონისძიება მზრუნველობამოკლებული ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციას ხელს შეუწყობს. თამარ ტალიაშვილმა კი ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნით, “ქართული ოცნების” ინიციატივით განხორციელებულ ფუნდამენტურ რეფორმებს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ბავშვთა ზრუნვის საკითხი მუნიციპალური და ცენტრალური ხელისუფლების საქმიანობის ეპიცენტრშია მოქცეული. დეპუტატმა არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის, ბავშვთა უპრეცედენტო სოციალურ და ჯანმრთელობის პროგრამების თაობაზე გაამახვილა ყურადღება და თბილისში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც ბავშვებისთვის ბაგა-ბაღების ხელმისაწვდომობასა და სახელოვნებო სწავლებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნას გულისხმობს. ღონისძიებაზე, რომელშიც მონაწილეობა 17-მა სახელოვნებო სკოლამ, ასევე აფხაზეთის #1 და #2 ხელოვნების სკოლებმა და „ვორლდ ვიჟენ საქართველოს“ დღის ცენტრმა მიიღეს, ბავშვების მიერ შექმნილი ფერწერული და ხელნაკეთი ნამუშევრები იქნა წარმოდგენილი. საღამოს დასასრულს, ხელოვნების სკოლებისა და მზრუნველობამოკლებულ დღის ცენტრის ბავშვებმა მუსიკალურ ნომრები შეასრულეს. ღონისძიების მხარდამჭერი იყო ახალგაზრდული ოლიმპიადა „თბილისი 2015“. მათ ბავშვებს ოლიმპიური ლოგოთი გაფორმებული მაისურები და ბუშტები გადასცეს საჩუქრად. ღონისძიებას, საკრებულოს დეპუტატებთან ერთად, ბატონიშვილები იოანე და ქრისტინე ბაგრატიონ-მუხრანელები ესწრებოდნენ.