„ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით, როგორც ცენტრალურ, ისე მუნიციპალურ დონეზე რევოლუციური ნაბიჯები გადაიდგა“
თბილისის საკრებულოში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და „ქართული ოცნების“ ინიციატივით ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნით განხორციელებულ ფუნდამენტურ რეფორმებზე ისაუბრა.
“როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე – დღიდან ჩვენი არჩევისა – ბავშვები და მათი ინტერესები ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. ამ მხრივ, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში განხორციელებულმა ცვლილებებმა გარანტირებულად უზრუნველყო ბავშვებისათვის სკოლამდელი უფასო განათლების ხელმისაწვდომობა, რისთვისაც გაუქმდა მანამდე არსებული გადასახადები. თბილისის მასშტაბით, წლის ბოლომდე დასრულდება თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი 9 ბაღი, რომლებიც უზრუნველყოფს სკოლამდელი აღზრდისას შემეცნებითი პროცესისა და ბავშვებზე ზრუნვის უკეთესი სტანდარტის დამკვიდრებას. ჩვენ ასევე დავნერგეთ დევნილთა სამინისტროს ბენეფიციარ ბავშვთა რეგისტრაციის გამარტივებული წესი.
2014 წლის მთავრობის დადგენილებით, საქართველოში დამკვიდრდა ბაგა-ბაღებში კვებისა და სანიტარული ნორმების ახალი მაღალი სტანდარტები. თბილისის ხელისუფლებას აქვს ამბიცია, რომ ვიქნებით სამაგალითო ამ სტანდარტების იმპლემენტაციის პროცესში.
2014 წელს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით, ხელოვნების სკოლის ბავშვებისათვის დაარსდა უფასო სააბონემენტო სისტემა. ასევე უნდა აღინიშნოს ცენტრალურ დონეზე განხორციელებული უპრეცედენტო რეფორმები: შემუშავდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომელიც 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის ევროპული სტანდარტების და გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციის შესაბამისი მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. დაიწყო მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა და ყოველ დაბადებულ მესამე და მომდევნო ბავშვზე გაიცემა ყოველთვიურად ფულადი დახმარებები.
ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაფუძნდა სოლიდარობის ფონდი, რომელმაც დააფინანსა არასრულწლოვანთა ჯანდაცვის პროექტები, რაც მოიცავდა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ხარჯების დაფინანსებას.
2014 წლის იანვარში მოხდა „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა“ კონვენციის რატიფიცირება, რის შემდეგ გაორმაგდა სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვების პროგრამების მიზნობრივი დაფინანსება. დაიწყო მრავალი ახალი პროგრამა და პროექტი. თბილისის ხელისუფლების მიერ 2015 წელს დაინერგა სოციალური პროგრამები, რომლებიც ბავშვთა ინტერესების დაცვას ემსახურება: 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია ლეიკემიითა და სხვა ონკოჰემატოლოგიური დაავადებული პაციენტების, მათ შორის არასრულწლოვნების ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის დაფინანსება. თბილისის ხელისუფლება ასევე განახორციელებს მოწყვლადი ჯგუფების აუცილებელი სოციალური სერვისებით უზრუნველყოფას, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (მათ შორის ბავშვთა) პრევენციული, სარეაბილიტაციო და დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფას; მრავალშვილიანი ოჯახების ხელშეწყობის მიზნით, ხორციელდება „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულით რეგისტრირებული ოჯახებისათვის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური მატერიალური დახმარების გაწევა. ფინანსდება სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის მატერიალური დახმარების გაწევა ყოველ მე-3, მე-4, მე-5 და მეტ ახალშობილზე. ერთჯერადი მატერიალური დახმარების დარიცხვა მე-3 ახალშობილზე – 800 ლარის ოდენობით, მე-4 ახალშობილზე – 1000 ლარის ოდენობით, მე-5 და ყოველ შემდეგ ახალშობილზე 1500 ლარის ოდენობით. სოციალურად დაუცველი ოჯახები ერთჯერად დახმარებას მიიღებენ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი არ არიან მრავალშვილიანი. 100000 და დაბალი სარეიტინგო ქულით დარეგისტირებული ოჯახების ყველა ახალშობილზე ერთჯერადი 500-ლარიანი დახმარების გაწევა. დაარსდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდებისთვის და სოციალურად დაუცველი პირებისთვის საკურორტო-სამკურნალო რეაბილიტაციისა და საზაფხულო კულტურულ-გამაჯანსაღებელი ბანაკების პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს შემეცნებით-გასართობი, სპორტული ღონისძიებების, საბავშვო შემოქმედებითი კოლექტივების კონცერტების, საღამოების, ექსკურსიებისა და ლაშქრობების ორგანიზებას.
პროგრამის აქტუალობა განპირობებულია იმით, რომ შშმ პირები მუდმივად იმყოფებიან ჩაკეტილ გარემოში, რაც ცუდად აისახება მათ ჯანმრთელობაზე და საზოგადოებისგან იზოლაციის წინაპირობას ქმნის. ასევე ფინანსდება სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საგანმანათლებლო სერვისების მიწოდების პროგრამა. პროგრამა მიზნად ისახავს 18 წლამდე ასაკის მოსწავლის სწავლების ღირებულების ანაზღაურებას მოსწავლე ახალგაზრდობის სახლებსა და ხელოვნების სკოლებში. სოციალურად დაუცველი 18 წლამდე მკვეთრად და მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარების პროგრამა დააფინანსებს სოციალურად დაუცველი 18 წლამდე ასაკის მკვეთრად და მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მატერიალური დახმარების გაცემას. ჩვენ ასევე ვმონაწილეობთ ,,ვორლდ ვიჟენის” სოციალურად დაუცველი ბავშვების დღის ცენტრის თანადაფინანსებაში“,- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.