საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკას ეწვია
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიას ხელმძღვანელობით ვიზიტით ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკას ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში, ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოსა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის გაიმართა. კონსულტაციებს ეგვიპტის მხრიდან ხელმძღვანელობდა ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ჰათემ სეიფ ალ–ნასრი.
სამინისტროს ინფორმაციით, კონსულტაციების ფარგლებში განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული ყველა აქტუალური საკითხი, მათ შორის ურთიერთობების განვითარება პოლიტიკის, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, განათლების, კულტურისა და სხვა სფეროებში. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი განვითარების მნიშვნელობას და დასახეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის განვითარების გეგმები, რაც მოიცავს სამართლებრივი ბაზის განვითარებას და მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლას, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებში ჰუმანიტარულ საკითხებთან დაკავშირებით მეტ თანამშრომლობას.
კონსულტაციებზე ორივე მხარემ გამოხატა დაინტერესება, რათა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდეს. წარმოადგენს რა ერთ-ერთ ლიდერ სახელმწიფოს ახლო აღმოსავლეთის რეგიონსა და მთლიანად არაბულ სამყაროში, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით, საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ეგვიპტესთან ურთიერთობების ინტენსიფიკაციას და თანამშრომლობის დიდი პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ფარგლებში ეგვიპტურმა მხარემ უაღრესად დადებითი შეფასება მისცა ეგვიპტეში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გიზას პირამიდებთან საქართველოს ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ქართული ნაციონალური ბალეტის კონცერტს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ეს ღონისძიება დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია ეგვიპტესთან და არაბულ სამყაროსთან ხალხთაშორისი და კულტურული კავშირების გაღრმავების კუთხით, მითუმეტეს, რომ კონცერტის პირდაპირი ტრანსლაცია განხორციელდა ეგვიპტის ორი სატელევიზიო არხის მეშვეობით, რომლებიც ხელმისაწვდომია მთელს არაბულ სამყაროში.
ეგვიპტეში გამართული ვიზიტის ფარგლებში, 1 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ეწვია არაბულ სახელმწიფოთა ლიგის გენერალურ სამდივნოს, რომლის შტაბბინა განლაგებულია ქალაქ ქაიროში. სამდივნოში შეხვედრა გაიმართა გენერალური მდივნის მოადგილესთან აჰმედ ბენჰელისთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ლიგას შორის ორმხრივი ურთიერთობებისა და მულტილატერალურ ორგანიზაციებში ჰუმანიტარულ საკითხებზე თანამშრომლობის პერსპექტივები. ქართულმა მხარემ ლიგის სამდივნოს გადასცა საქართველოს ვიცე პრემიერისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის წერილი ლიგის გენერალური მდივნის ნაბილ ალ–არაბის სახელზე, რომლითაც ქართული მხარე გენერალურ მდივანს იწვევს 2015 წლის შემოდგომაზე საქართველოში დაგეგმილი მაღალი დონის აბრეშუმის გზის ფორუმზე. ლიგის გენერალური მდივნის მოადგილემ აღნიშნა, რომ არაბული სამყარო დიდად არის დაინტერესებული აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ სავაჭრო–ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით და ამ კუთხით მათ საქართველოსთან საერთო ინტერესები გააჩნიათ, რომელთა შორისაა ასევე ორივე რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების აუცილებლობა.
ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და არაბულ სახელმწიფოთა ლიგის სამდივნოში გამართული შეხვედრებისას, ქართულმა მხარემ კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების, ჟენევის მოლაპარაკებების და რუსეთის მიერ სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან გაფორმებული ე.წ. „ხელშეკრულებების“ შესახებ. როგორც ეგვიპტის, ისე არაბულ სახელმწიფოთა ლიგის მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ვიზიტის დასასრულს საქართველოს დელეგაცია შეხვედრას გამართავს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის პრეზიდენტის მრჩეველთან ფაიზა აბუ ელ–ნაგასთან.