თბილისის მერის მოადგილე გივი ჭიჭინაძის მემორიალური დაფის გახსნას დაესწრო
თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი მსახიობისა და საბავშვო პოეტის, გივი ჭიჭინაძის მემორიალური დაფის გახსნას დაესწრო. თბილისის მერის მოადგილემ სტუმრებს სიტყვით მიმართა და გივი ჭიჭინაძის მოღვაწეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
გივი ჭიჭინაძის მემორიალური დაფა ლუარსაბ ბოცვაძის ქუჩაზე გაიხსნა. ღონისძიებას საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი, მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი, ასევე გივი ჭიჭინაძის ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები დაესწრნენ.
პოეტი და მსახიობი გივი ჭიჭინაძე 1934 წლის 12 აგვისტოს თბილისში დაიბადა. თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, გივი ჭიჭინაძემ მუშაობა დაიწყო სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის თეატრში, 1960 წლიდან კი მოღვაწეობა თბილისში, რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში განაგრძო. გივი ჭიჭინაძეს მრავალი როლი აქვს შესრულებული რუსთაველისა და სოხუმის თეატრის სცენაზე დადგმულ სპექტაკლებში.
სამსახიობო მოღვაწეობის პარალელურად, გივი ჭიჭინაძე წერდა საბავშვო ლექსებს. პირველი კრებული მან 1955 წელს გამოსცა. მომდევნო წლებში მისი ლექსები ითარგმნა რუსულ, უკრაინულ, ესტონურ და აზერბაიჯანულ ენებზე. ქართველ ბავშვებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა მისი პოემები და კრებულები: „წია-წია პაწია“, „წყაროსთვალი“, „დათუნია-დრუნჩა“, „ია, მზე და იამზე“, „თაგვმა კატა დაიჭირა“, „ვინ დახატავს ცხრათვალა მზეს“ და სხვა.
გივი ჭიჭინაძის პიესები წარმატებით იდგმებოდა თეატრის სცენაზე. პოეტი და მსახიობი გივი ჭიჭინაძე თბილისში 1999 წლის 13 ნოემბერს გარდაიცვალა.