დანიური რადიოს წამყვანმა პირდაპირ ეთერში ბაჭია მოკლა

დანიური რადიოსადგურის წამყვანმა ესგერ იულმა პირდაპირ სტუდიაში ბაჭია მოკლა. „ბი-ბი-სის“ ცნობით, ეს მოხდა გადაცემაში, სადაც ცხოველთა დაცვის საკითხი განიხილებოდა. ასეთი საქციელით იულს სურდა, ეჩვენებინა ცხოველების უფლებადამცველების ორპირობა, რომლებიც, ცხოველების დაცვის პარალელურად, ხორცს ჭამენ.

ეთერის დროს წამყვანი ცნობილ დანიელ ტოპ-მოდელს და ცხოველების დამცვლეს ლინსე კესლერს ესაუბრებოდა, რომელმაც იულის გეგმების შესახებ თავდაპირველად არაფერი იცოდა.

როდესაც კესლერმა ეს გაიგო, მან ცხოველის მკვლელობის აღკვეთა სცადა, მაგრამ რადიოსადგურის წამყვანებმა ის სტუდიიდან გაიყვანეს. წამყვანმა ბაჭია ველოსიპედის ტუმბოთი მოკლა, რის შემდეგ განაცხადა, რომ ის ამ ბაჭიას სახლში წაიღებს და მისგან გემრიელ კერძს მოამზადებს. აღშფოთებულმა რადიომსმენელებმა რადიოსადგურისთვის და ჟურნალისტისთვის ბოიკოტის გამოცხადება მოითხოვეს. ესგერ იულს პროფესიული ეთიკის დარღვევაში ადანაშაულებენ. ინტერნეტში მის წინააღმდეგ მთელი კამპანია გაიმართა.

დანია ცხოველების მიმართ არაჰუმანური მოპყრობის გამო სკანდალში პირველად არ ეხვევა, გასულ წელს კოპენჰაგენის ზოოპარკში ბავშვების თანდასწრებით ჟირაფი მოკლეს, რომელსაც წყვილი ვერ მოუძებნეს. ამის შემდეგ კი სასიკვდილო ინიექციით 4 ლომი მოკლეს იმ მიზეზით, რომ მტაცებლების რაოდენობამ დაგეგმილს გადააჭარბა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები