“თუ ფილიპ ლეფორის განცხადება დადასტურდა, ოფიციალური თბილისი ევროკავშირს მიმართავს“

   თუ ფილიპ ლეფორის განცხადება დადასტურდა, ოფიციალური თბილისი ევროკავშირს მიმართავს – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ფილიპ ლეფორს საქართველოს საწინააღმდეგო განცხადება არასდროს გაუკეთებია და რთული დასაჯერებელია, რომ ხსენებული განცხადება მას ეკუთვნოდეს. “იგი, როგორც ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარე, იყო მიუკერძოებელი და ყოველთვის უძღვებოდა შესაბამისად ამ მოლაპარაკების პროცესს. მე ძალიან გამიკვირდა და არ მინდა დავიჯერო, რომ ეს არის სიმართლე და რომ ეს არ წარმოადგენს ჟურნალისტების ინტერპრეტაციას”, – განაცხადა ზალკალიანმა. ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე ევროკავშირის მხრიდან ფილიპ ლეფორი ცხინვალში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტს, ლეონიდ თიბილოვს შეხვდა. როგორც ოსური მედია წერს, ფილიპ ლეფორმა აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთის სტატუსი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსი, რესპუბლიკის ხალხის მიერ დიდი ხანია განსაზღვრულია. “ამ პოზიციის შეცვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს რეალობაა, რომელთან ერთად ცხოვრება და მუშაობა უნდა ვისწავლოთ”, – დასძინა ფილიპ ლეფორმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები