თამარ ჩიბურდანიძე: საქართველო ჯერ კიდევ მძიმე დემოგრაფიული პრობლემის წინაშე დგას

„საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის“ თავმჯდომარემ თამარ ჩიბურდანიძემ სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული მოსახლეობის დემოგრაფიული მონაცემები გამოაქვეყნა. კვლევების მიხედვით, საქართველოში შობადობა 5%-ით გაიზარდა, შემცირდა 1 წლამდე ასაკის ბავშვებში სიკვდილიანობა, შემცირდა აბორტების რაოდენობა და გაიზარდა ქორწინებათა რიცხვი.

მისივე თქმით, ბოლო 30 წლის მანძილზე პირველი შემთხვევაა საქართველოში, როდესაც სახელმწიფოს მიერ განხორციელებულმა ინიციატივებმა მოსახლეობის დემოგრაფიული მონაცემები პოზიტიურად შეცვალა:

„გასულ წლებში შობადობის ზრდის ერთადერთი მიზეზი იყო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივა, ხოლო ბოლო ორი წლის მანძილზე უწმინდესთან ერთად, სახელმწიფომ შეძლო მძიმე დემოგრაფიული სურათის პოზიტიურად შეცვლა. ამ მცირე პერიოდში განხორციელდა 8 ინიციატივა, რაშიც ბიუჯეტიდან 70 მილიონზე მეტი დაიხარჯა. ამ ინიციატივების ძირითადი ნაწილი სწორედ ჩვენს ორგანიზაციას ეკუთვნის. კონკრეტულ საკითხებზე მუშაობას ვაგრძელებთ და ამჟამად დაკავებულები ვართ მრავალშვილიანი ოჯახების პრობლემების შესწავლით და მათთვის საკანონმდებლო ინიციატივების მომზადებით. ასევე ვმუშაობთ მაღალმთიანი რეგიონებისთვის რამდენიმე დემოგრაფიულ საკითხზე. რაც შეეხებათ მრავალშვილიან ოჯახებს, მათი პრობლემა ერთ-ერთ მთავარი პრობლემაა ქვეყანაში. ჩვენმა ორგანიზაციამ ჩაატარა მცირე კვლევა პრობლემების შესასწავლად და დადგინდა, რომ მათი მთავარი პრობლემა არის საცხოვრისის პრობლემა. დიდ ქალაქებში და ნაწილობრივ სოფლებშიც ბევრი მრავალშვილიანი ოჯახი უსახლკაროდ, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. ამ მიმართულებით კარგ საქმეს აკეთებს ფონდი „იავნანა“, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ეს მასშტაბური პრობლემაა და სახელმწიფოს მთავარ პრიორიტეტად უნდა იქცეს. ჩვენ მოვამზადეთ საკითხები, რომელზეც იმედი გვაქვს, ხელისუფლებასთან ერთად ვიმუშავებთ და შევძლებთ, ამდენი წლის შემდეგ მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას. ესენია: 1. მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრა, რომელიც არ არსებობს; 2. შეღავათები კომუნალურ გადასახადებში მთელი წლის მანძილზე. 3. საგადასახადო შეღავათები დასაქმებული პირებისთვის; 4. მუნიციპალურ დონეზე საბინაო ფონდის შექმნა მრავალშვილიანი, უსახლკარო ოჯახებისთვის. 5. დასაქმების ხელშეწყობის მიზნით უპირატესობის მინიჭება მრავალშვილიანი პირებისთვის. 6. სასკოლო ასაკში დამატებითი და სპორტული წრეებით მრავალშვილიანი ოჯახების უზრუნველყოფა. თითოეულ საკითხზე საჭიროა შესაბამის ორგანოებთან მუშაობა და ინიციატივების ეტაპობრივი განხორციელება თუნდაც წლების მანძილზე. მთავარია, ქვეყანაში დაიწყოს ამ პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვა. მართალია, ბოლო სტატისტიკური მონაცემებით შობადობა გაზრდილია, მაგრამ საქართველო ჯერ კიდევ მძიმე დემოგრაფიული პრობლემის წინაშე დგას და აუცილებელია ქვეყნის ძლიერი და მრავალწლიანი დემოგრაფიული პოლიტიკის შემუშავება“,- განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები