ეგვიპტეში აფეთქების შედეგად 25 პოლიციელი დაიჭრა
„როიტერის“ ინფორმაციით, ერთი ადამიანი გარდაიცვალა და 25 პოლიციელი დაიჭრა ეგვიპტის ჩრდილოეთ სინაის პროვინციაში, ელ-არიშში მომხდარი ტერაქტის დროს. სააგენტოს ინფორმაციით, თვითმკვლელმა ტერორისტმა პოლიციის ყაზარმებთან დანაღმული ავტომობილი ააფეთქა. აფეთქებაზე პასუხისმგებლობას ჯერჯერობით არცერთი დაჯგუფება არ იღებს. ეგვიპტეში ისლამისტებმა მას შემდეგ გაახშირეს ტერორისტული აქტები, რაც ხელისუფლებიდან პრეზიდენტი და „ძმები – მუსულმანების“ წარმომადგენელი მუჰამედ მურსი გადააყენეს. ყველაზე დაძაბული ვითარება ჩრდილოეთ სინაის ნახევარკუნძულზეა.
მურსის წასვლის შემდეგ „ძმები – მუსულმანები“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარეს და მის არაერთ აქტივისტს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. თავად ყოფილ პრეზიდენტსაც ექსტრემიზმში მონაწილეობისთვის, კერძოდ კი პოლიციელების და ჯარისკაცების მკვლელობაში ადანაშაულებენ. „ძმები – მუსულმანები“ საერთაშორისო პოლიტიკურ-რელიგიური ასოციაციაა, რომლის მთავარი მიზანი ისლამური სახელმწიფოს შექმნაა.