ისრაელი და ლიბანი აშშ-ის შუამავლობით ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შედეგად ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
შეთანხმების თანახმად, ცეცხლის შეწყვეტა ძალაში შევა იმ შემთხვევაში, თუ „ჰეზბოლა“ სრულად შეწყვეტს იერიშებს და მისი მებრძოლები მდინარე ლიტანის სამხრეთით მდებარე ტერიტორიებს დატოვებენ. აღნიშნულ რაიონებში კონტროლი ლიბანის შეიარაღებულმა ძალებმა უნდა აიღონ.
მხარეები ასევე შეთანხმდნენ ე.წ. უსაფრთხოების ზონების შექმნაზე, სადაც მხოლოდ ლიბანის სახელმწიფო სტრუქტურები იმოქმედებენ. განცხადების მიხედვით, ეს ნაბიჯები ხელს შეუწყობს მომავალში უფრო ფართო სამშვიდობო და უსაფრთხოების შეთანხმების მიღწევას.
ამასთან, მედიის თანახმად, შეთანხმების პერსპექტივა კვლავ გაურკვეველია, რადგან „ჰეზბოლას“ ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია პირობების მიღება.
გარდა ამისა, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ისრაელი ლიბანის ტერიტორიაზე გარკვეული სამხედრო ოპერაციების გაგრძელებას გეგმავს.
ისრაელი და ლიბანი ივნისის ბოლოს დამატებითი მოლაპარაკებების გამართვასაც გეგმავენ, რათა დარჩენილი საკითხები განიხილონ და უფრო ფართო შეთანხმებას მიაღწიონ.