ზელენსკის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ბელარუსის პრეზიდენტს სიკვდილით დაემუქრა – “თუ ლუკაშენკოს სურს, პენსიამდე მიაღწიოს, უბრალოდ გაჩუმდეს”
ბელარუსის მთელი ტერიტორია უკრაინული იარაღის მოქმედების ზონაშია და თუ იქიდან კიდევ ერთი თავდასხმა განხორციელდება, ქვეყნის მნიშვნელოვანი ობიექტები განადგურდება, – როგორც უკრაინული მედია РБК-Украина იუწყება, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა, გამოცემა Зеркало-სთან ინტერვიუში განაცხადა.
პოდოლიაკის თქმით, ბელარუსის ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკოს, მიერ უკრაინის მისამართით ახლახან გაკეთებულ მუქარებს ძირითადად პროპაგანდისტული ხასიათი აქვს, თუმცა, თუ ბელარუსი კვლავ დაუშვებს თავისი ტერიტორიიდან რაკეტების ან დრონების გაშვებას, კიევი მას საომარ მოქმედებებში აქტიურ მონაწილედ ჩათვლის.
ასეთ შემთხვევაში, პოდოლიაკის განცხადებით, მინსკისთვის შედეგები ისეთივე იქნება, როგორიც რუსეთის ფედერაციისთვის – შორ მანძილზე მოქმედი ტექნოლოგიების წყალობით, უკრაინას საჭიროების შემთხვევაში შეუძლია ბელარუსის ტერიტორიაზე მდებარე ნებისმიერ ძირითად ობიექტზე დარტყმა.
„მაშინ ნახევრად ცარიელი ავტომატით, უფრო სწორად კი, მჭიდის გარეშე ‘კალაშნიკოვით’ სირბილი უბრალოდ ბავშვურ თამაშად მოგვეჩვენება“, – განაცხადა რეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა.
„როგორც ფრთხილ ადამიანს, რომელსაც სურს პენსიამდე მიაღწიოს, უზრუნველყოს ხელისუფლების გადაცემა და შექმნას დინასტია (ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, სარკაზმით ვამბობ), მისთვის დღეს უმჯობესი იქნებოდა უბრალოდ გაჩუმდეს“, – განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დაკავშირებით.