აფრიკაში სამშვიდობო მისიას 1000-მდე ქართველი სამხედრო შეასრულებს
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის მისიაში საქართველო 150 სამხედრო მოსამსახურეს აგზავნის. როგორც თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია აცხადებეს, საქართველო მორალურ ვალდებულებად მიიჩნევს ევროკავშირის მისიაში 150 სამხედრო მოსამსახურე გააგზავნოს. სამშვიდობო მისიას ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 800-დან 1000-მდე სამხედრო მოსამსახურე შეასრულებს. სააგენტო “ფრანც პრესთან” საუბრისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ მისიაში წვლილის შეტანა მხოლოდ ევროკავშირის დახმარებას კი არ ისახავს მიზნად, საქართველოსთვის ეს მორალური ვალდებულებაც არის. საქართველოს კონტრიბუცია, რომელიც მიზნად ისახავს საფრანგეთისა და აფრიკის კავშირის ძალების დახმარებას ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სადაც რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება კრიტიკულ ზღვარს აღწევს, ქვეყნის პირველი წვლილი იქნება ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის მისიაში და ასევე პირველი ოპერაცია აფრიკაში. ალასანიას განცხადებით, თავდაპირველად საუბარი 600 სამხედრო მოსამსახურეზე იყო, თუმცა ოპერაციის მეთაურმა განაცხადა, რომ მისიის შემადგენლობა 800-დან 1000-მდე სამხედრო მოსამსახურე იქნება. ზუსტი რაოდენობა კი მომავალ კვირას მოლაპარაკებების შემდეგ გაირკვევა. ოპერაციის მეთაურის, ფრანგი გენერლის ფილიპ პონტიეს განცხადებით, ჯარების პირველი გადასროლა მარტის დასაწყისში უნდა განხორციელდეს. საფრანგეთის მეთაურობით სამხედრო ძალა სრულ მზადყოფნაში აპრილის ბოლოს იქნება, როდესაც მისიის 4-6 თვიანი მანდატი დაიწყება. მისიის მიზანი ბანგის აეროპორტში და ახლო მდებარე ორ რაიონში “უსაფრთხო თავშესაფარის” შექმნაა, რათა ლტოლვილებს დაბრუნების საშუალება მიეცეთ. აეროპორტის მახლობლად მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის დაპირისპირების შედეგად იძულებით გადაადგილებული 100 000 ადამიანი უმძიმეს პირობებში იმყოფება. მისიაში წვლილის შეტანას ძირითადად ევროპის ქვეყნები გეგმავენ, მათ შორის პოლონეთი, ესტონეთი, ლატია და რუმინეთი. საუბარია პორტუგალიასა და ესპანეთზეც. ქვეყანაში თითქმის მილიონი ადამიანია იძულებით გადაადგილებული და მათ დასახმარებლად საფრანგეთმა ყოფილ კოლონიაში უკვე გააგზავნა 2000 სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც აფრიკის კავშირის 6 000 სამშვიდობოს უწევენ დახმარებას. “ჩვენ ევროკავშირის და ნატოს მომავალი წევრები ვართ, ამგვარად, ჩვენი გადაწყვეტილება იმ საერთო ღირებულებებს ეფუძნება, რომელიც ამ ქვეყნებთან გვაკავშირებს,” – განცხადა ირაკლი ალასანიამ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ და უმცირესობამ ერთხმად დაამტკიცა. საქართველო, რომელიც უკრაინასთან ერთად ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყანაა, ევროკავშირის მალის მისიაში, სამხედრო წვრთნის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად რამდენიმე ოფიცერის გაგზავნასაც გეგმავს.