თურქეთმა მიუნხენის კონფერენციაში მონაწილეობაზე ისრაელის ჩართულობის გამო უარი განაცხადა
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუტ კავუსოღლუმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია მასში ისრაელის წარმომადგენლის მონაწილეობის გამო მიატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
„მე ვაპირებდი კონფერენციაში მონაწილეობას, მაგრამ გადაწყვეტილება მას შემდეგ შევცვალე, რაც ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებულ თათბირში ისრაელის ჩინოვნიკებიც ჩართეს“, – განაცხადა კავუსოღლუმ.
მსგავს ფაქტს ადგილი 2009 წელსაც ჰქონდა, როდესაც თურქეთის იმდროინდელმა პრემიერმა ერდოღანმა ისრაელის პრეზიდენტ შიმონ პერესთან კამათის შემდეგ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მიატოვა.
თელ-ავივსა და ანკარას შორის ურთიერთობა განსაკუთრებით 2010 წელს გაუარესდა, როდესაც ისრაელის სამხედროებმა ღაზას სექტორისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარების გადამტან ხომალდზე 9 თურქი მოკლეს. 2014 წლის ივლისში ერდოღანმა ისრაელის ქმედებები „ჰიტლერის ბარბაროსობას“ შეადარა.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 1962 წლიდან ყოველწლიურად იმართება. წელს მასში მონაწილეობაზე თანხმობა 21 სახელმწიფოს მეთაურმა, ნატოს და ეუთოს ხელმძღვანელებმა, ასევე 60 ქვეყნის თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს.