„ძველქართული – ძველსომხური დოკუმენტირებული ლექსიკონის“ პრეზენტაცია გაიმართება

 

7 თებერვალს, 14:00 საათზე, ქალაქ თბილისის საკრებულოს გალერეაში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული წიგნის „ძველქართული-ძველსომხური დოკუმენტირებული ლექსიკონის“ პრეზენტაცია და ილია აბულაძის (ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, არმენოლოგი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დამაარსებელი და პირველი დირექტორი) საარქივო მასალის გამოფენა გაიმართება.

წიგნი გამოიცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.

ლექსიკონის შედგენას ილია აბულაძემ თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი დაუთმო. სამწუხაროდ, წიგნის დასრულება სიცოცხლეში ვერ მოასწრო და გამოსაცემად მისმა მოწაფეებმა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა მოამზადეს.

„ძველქართული-ძველსომხური დოკუმენტირებული ლექსიკონი“ თავისი ფუნქციით, შედგენილობითა და მოცულობით საეტაპო მნიშვნელობის შრომაა ქართველოლოგიისა და არმენოლოგიის ურთიერთშემხვედრი პრობლემებისა და ამოცანების კვლევა-ძიების საქმეში. ლექსიკონი თავისი სპეციფიკის გამო იშვიათი მოვლენაა აღმოსავლური მწერლობისა და კულტურის სფეროში.

გამოცემაში მასალები შესულია ძველი ქართული და ძველი სომხური მწერლობის ძეგლებიდან. წიგნში გამოყენებული წყაროები – ბიბლიის ტექსტი და ჰომილეტიკურ-ჰაგიოგრაფიული თხზულებები – ძირითადად, ადრებიზანტიური ხანის თარგმანებია, როგორც ქართულ, ისე სომხურ ენებზე. ამდენად, ლექსიკონი ბიზანტიური კულტურის კვლევის კონტექსტში თავსდება და მნიშვნელოვნად ამდიდრებს როგორც ბიზანტიური, ისე ქართულ-სომხური ლიტერატურულ-კულტურული ურთიერთობების კვლევის ისტორიას.

პუბლიკაციაში გვხვდება ისეთი სიტყვებისა და ტერმინების მნიშვნელობა, რომლებიდანაც არც ერთი მათგანი სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში არ დასტურდება. ეს იმას ნიშნავს, რომ არა სომხური შესატყვისები, მათი დიდი ნაწილი შეიძლება განუმარტავი დარჩენილიყო. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ლექსიკონში დასტურდება ქართულ-სომხური საერთო ხმარების ბევრი სიტყვა. მათ სიმრავლეს დიდწილად განაპირობებდა ქართველ-სომეხთა მეზობლური მოსახლეობა. ამ სიტყვათა დიდი რაოდენობა როგორც ქართველთა, ისე სომეხთა მეტყველებაში, როგორც ჩანს, დამკვიდრებულია ერთმანეთთან კონტაქტით, სესხების გზით, ერთი ნაწილი კი, ალბათ, ლიტერატურული ურთიერთობის შედეგად შევიდა ორივე ენაში.

ახალი გამოცემა საშუალებას მისცემს ქართული და სომხური ლიტერატურის ურთიერთმიმართების საკითხებით დაინტერესებულ პირებს, მთელი რიგი ძეგლების ჩაკითხვის გარეშე მიიღონ მათთვის სასურველი ინფორმაცია ყველანაირი შინაარსის ლექსიკური ერთეულების შესახებ. ლექსიკონი შეასრულებს მასში ასახულ წყაროებში (ბიბლია და ჰაგიოგრაფიულ-ჰომილეტიკური ძეგლები) ორიენტირის ფუნქციას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები