ტერაქტი, რომელმაც მსოფლიო გააერთიანა
ის, რომ ნებისმიერი სახის ტერაქტი ძალადობის გამოვლინების ყველაზე სასტიკი ფორმაა, ამაზე ყველა თანხმდება. მაგრამ ის, რომ ყველა ადამიანის უფლება დაცული უნდა იყოს, მათ შორის რწმენისა და რელიგიური აღმსარებლობის უფლებაც ასევე უდავოა. საზოგადოების დიდი ნაწილი დღეს იმაზე აპელირებს, რომ წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურის შექმნით ფრანგულმა კომიკურმა გაზეთმა ”შარლი ებდომ” მუსულმანური სამყაროს უფლებები შელახა და ხელოვნურად მოახდინა ტერაქტის პროვოცირება.
როგორ დაიწყო ყველაფერი?
7 იანვარს, პარიზში, კომიკური გაზეთის ”შარლი ებდოს” რედაქციაზე განხორციელებულმა ტერორისტულმა თავდასხმამ, 12 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 8 ჟურნალისტის, 2 პოლიციელის, ერთი დამლაგებლის და ერთი სარეკლამო აგენტის. გარდაცვლილთა უმეტესობა გაზეთის თანამშრომლები იყვნენ. მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა მუსულმანურმა ორგანიზაცია ალქაიდამ აიღო. მათ კომიკურ გაზეთს სარედაქციო პოლიტიკა დაუწუნეს. ”შარლი ებდოს” მიერ შექმნილ წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურას კი დამამცირებელი უწოდეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, სწორედ მუჰამედის კარიკატურა გახდა ”შარლი ებდოს” რედაქციაზე თავდასხმის მთავარი მიზეზი.
რა კავშირი აქვს პარიზში მომხდარ ტერაქტს ჟურნალისტურ ეთიკასთან?
პარიზში მომხდარმა ტერაქტმა ჟურნალისტური ეთიკის, პასუხისმგებლობის და პრინციპების საკითხი საერთაშორისო საზოგადოების განხილვის საგანი გახადა. დღეს ბევრი დაობს იმაზე, თუ რას ნიშნავს ჟურნალისტური ეთიკა, რა კავშირი აქვს მას მორალთან და ნიშნავს თუ არა თავისუფალი სიტყვის უფლება ადამიანების უფლებების შელახვას.
ზურაბ ბიგვავა, ფსიქოლოგი
ფსიქოლოგი ზურაბ ბიგვავა ფიქრობს, ჟურნალისტისთვის სიტყვის გამოხატვის თავისუფლება უმნიშვნელოვანესია და ის შეზღუდული არ უნდა იყოს. თუმცა, ის ასევე თვლის, რომ კრიტიკა და თუნდაც უხამსობა არ უნდა გახდეს ადამიანების განადგურების საბაბი. ბიგვავასთვის ძალადობის ნებისმიერი ფორმა მიუღებელია.
” აგრესია ნებისმიერი ცივილიზებული ქვეყნისთვის დაუშვებელია, მაგრამ თავად რელიგიისთვისაც უნდა იყოს მიუღებელი ძალადობა და ექსტრემიზმი. რელიგია არ უნდა იყოს ფიზიკურად მებრძოლი. აი მაგალითად, როდესაც რელიგია საკუთარ ჭეშმარიტების დასამტკიცებლად ხმალს იყენებს, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ რელიგია მებრძოლია.”
ბიგვავა ფიქრობს, რომ რელიგიის კრიტიკაც მისაღებია, თუმცა გარკვეული ზღვარი დასაცავია და ეს არ უნდა გახდეს ძალადობის გამომწვევი.
მაკა გაფრინდაშვილი, ჟურნალისტი:
”შარლი ებდოზე განხორციელებული თავდასხმა არის ტერორისტული აქტი, რომელიც ცალსახად დასაგმობია. მე ვერანაირ ძალადობას და მით უმეტეს ასეთი სახის სასტიკ ანგარიშსწორებას გამართლებას ვერ მოვუძებნი. მოკლულია გაზეთის მთავარი რედაქტორი და თანამშრომლები. ტერორიზმი არის გლობალური საფრთხე და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მსგავსი ფაქტები აღვკვეთოთ.”
გაფრინდაშვილი უერთდება სახელმწიფოს პოზიციას, რომელმაც სახალხოდ გამოუცხადა საფრანგეთს მხარდაჭერა და დაგმო ტერორიზმის ყველა ტიპის გამოვლინება. ”მე ვუერთდები სახელმწიფოს პოზიციას, რომელიც ერთპიროვნულად გმობს ტერორიზმის ყველა სახის გამოხატულებას და მოხარული ვარ, რომ პარიზში გამართულ სოლიდარობის აქციას დღეს საქართველოც შეუერთდა,”განაცხადა გაფრინდაშვილმა.
ზურაბ მახარაძე, ისტორიკოსი, ასოცირებული პროფესორი
ჩემი აზრით, ყველასთვის კარგად ცნობილი ტერორისტული ორგანიზაცია ალ-ქაიდასთვის ”შარლი-ებდო” ბევრს არაფერს ნიშნავს. ის რაც მოხდა, მაინც მოხდებოდა, სპეკულაცია იმაზე, რომ აღნიშნული ფაქტი თითქოს ჟურნალისტების მიერ არის პროვოცირებული ჩემთვის მიუღებელია.მე 2008 წლის რუსეთ – საქართველოს ომის და სისხლის ღვრის შემდეგ არაფერი მიკვირს, მაგრამ ნუთუ ბოლო რამდენიმე თვეების განმავლობაში, პარიზში მომხდარ ტერაქტზე გაცილებით უფრო ფართომასშტაბიან თავდასხმები არ მომხდარა? აი მაგალითად, 2014 წლის დეკემბერში პაკისტანის სკოლაზე თავდასხმის შედეგად 145 მოსწავლე გარდაიცვალა. კამერუნში შეიარაღებული დაპირისპირებას 84 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. კენიაში 36 ადამიანის, ნიგერიის ერთ-ერთ სოფელში კი 32-ის. მათ შორის იქყნენ მცირე წლოვანი ბავშვებიც. გროზნოში შეიარაღებულმა პირები ე.წ პრესის სახლი ალყაში მოაქციეს და 26 ადამიანი მოკლეს, მათ შორის ჟურნალისტებიც, აბა ახსოვს ეს დღეს ვინმეს, ვფიქრობ რომ არავის. ცუდია, პარიზში მომხდარი ტერაქტი, მაგრამ უარესებიც მომხდარა. მთავარი ის არის, რომ ყველანი გავერთიანდეთ და მსგავსი ტერაქტები აღარ დავუშვათ,”ამბობს მახარაძე.
სტატიის დასასრულს გთავაზობთ ”კვირას” მიერ ჩატარებულ ქუჩის გამოკითხვას, სადაც სხვადასხვა ასაკის, 30 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. გამოკითხულთა სრული რაოდენობა ტერაქტს უარყოფითად მიიჩნევს და მას სისასტიკის უკიდურეს ფორმად თვლის. გამოკითხულთა 75 %ფიქრობს, რომ ჟურნალისტებს მომხდართან დაკავშირებით ბრალი არ მიუძღვით. 15% ფიქრობს, რომ ”შარლი ებდოზე”განხორციელებული თავდასხმა ჟურნალისტების მიერ იყო პროვოცირებული. 3% კი განსხვავებული მოსაზრება აქვთ. მათი აზრით ტერქტი მესამე მხარის ჩარევამ განაპირობა და მისი მიზანი მუსულმანური და ქრისტიანული სამყაროს დაპირისპირება იყო.
საინფორმაციო სააგენტო ”კვირა,” კიდევ ერთხელ გამოთქვამს მწუხარებას პარიზში, კომიკური გაზეთის ”შარლი ებდოს” რედაქციაზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმასთან დაკავშირებით და უერთდება სოლიდარობის აქციას, რომელიც პარიზში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ”კვირა” გმობს ტერაქტს და ძალადობის გამოვლინების ნებისმიერ ფორმას.
ნინი ჯაფარიძე