იანუკოვიჩი ძალოვან უწყებებს მოუწოდებს, დროებით მთავრობას დაუმორჩილებლობა გამოუცხადონ

უკრაინის ექსპრეზიდენტის ბრძანებულება

უკრაინის ექსპრეზიდენტი მთავრობას და ძალოვან უწყებებს მოუწოდებს, უკრაინის დროებით, კოალიციურ მთავრობას დაუმორჩილებლობა გამოუცხადონ. უკრაინული მედია ვიქტორ იანუკოვიჩის ბრძანებულებას აქვეყნებს, რომელიც 27 თებერვლით თარიღდება. იანუკოვიჩი საკუთარ თავს ისევ უკრაინის პრეზიდენტად მიიჩნევს და გადადგომას არ აპირებს, უფრო მეტიც, ის ,,უკრაინის პრემიერ-მინისტრის და უკრაინის მინისტრთა კაბინეტის გადადგომის შესახებ“ ბრძანებულების გაუქმებას ითხოვს. მთავრობის წევრებს კი მიმართავს, გამოცხადდნენ მის მიერ მითითებულ პუნქტში და გააგძელონ უკრაინის ხელისუფლების მუშაობა. ვიქტორ იანუკოვიჩი მოუწოდებს უკრაინის მილიციის ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს, ასევე ყველა ნაწილის მეთაურს, ქვედანაყოფს ბრძანების გამოსვლიდან 24 საათის განმავლობაში გამოვიდნენ კავშირზე უმაღლეს მთავარსარდალთან სევასტოპოლში. იანუკოვიჩი ასევე მიმართავს უკრაინის უმაღლესი რადის ყველა დეპუტატს, რომ 2014 წლის 3 მარტს სესიაზე სევასტოპოლში ჩავიდნენ.
“22-23 თებერვალს უკრაინაში სამხედრო გადატრიალება მოხდა, რომლის დროსაც ნაცისტური მიმართულების სამხედრო ბოევიკების დაჯგუფებებმა, საზღვარგარეთის სახელმწიფოების სამხედრო-პოლიტიკური მხარდაჭერით, ქალაქ კიევში, ცენტრალური სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები და ქვეყნის სამხრეთ რეგიონის რიგი საოლქო ადმინისტრაციული შენობა დაიკავეს. უკრაინის პოლიტიკურ ძალთა ნაწილი კოლაბორაციონისტების და ხალხის გამყიდველთა მსგავსად მოიქცა, რომლებიც ფაშისტურ დაჯგუფებებთან თანამშრომლობენ, რომ შექმნან მარიონეტული ხელისუფლება, რომელიც მთლიანად ამ გადატრიალების სპონსორებზე იქნება დამოკიდებული, კერძოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებზე და ნატოს ქვეყნებზე, უპირველეს ყოვლისა კი – გერმანიასა და პოლონეთზე.
ფაშისტურმა ბანდებმა კიევიდან უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტაცია გააძევეს და ცენტრალური რადა დაიკავეს. ის დეპუტატები, რომლებიც პუტჩს არ დაემორჩილნენ, რეპრესიების ქვეშ მოაქციეს, არ მოერიდნენ მათ ცემას, მოტაცებას, სახლების დაწვას და მათი ოჯახებისადმი მუქარას. აქედან გამომდინარე, უკრაინის ხელისუფლების საკონსტიტუციო ორგანოების მუშაობის გაგრძელება შეუძლებელი გახდა. მისმა მონაწილეებმა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გადასაფარად გამოიყენეს 2014 წლის 21 თებერვლის ,, შეთანხმება უკრაინის კრიზისის დარეგულირების შესახებ“, რომელშიც ჩემთან ერთად განაცხადეს ,,კოალიციის დაფუძნების და 10 დღის განმავლობაში ნაციონალური ერთობის შექმნის შესახებ“ პირველ მარტამდე. ამ ხელშეკრულების პარაფირება საფრანგეთის, გერმანიის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოახდინეს, რომლებმაც შემდგომში არათუ არ შეასრულეს აღებული შეთანხმების გარანტიის ვალდებულება, პირიქით, უშუალოდ მონაწილეობდნენ უკრაინის სახელმწიფო გადატრიალებაში. მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტმა შეძლო ამ შეთანხმების ვალდებულებების ბოლომდე შესრულება. ვინაიდანამ შეთანხმების ვადა ამოიწურა, კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად კანონიერი ხელისუფლების სახელით ვაცხადებ:
1. გაუქმდეს უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულება: ,,უკრაინის პრემიერ-მინისტრის და უკრაინის მინისტრთა კაბინეტის გადადგომის შესახებ“. ისინი დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ პუნქტში, რომელიც ჩემს ცირკულარულ წერილშია მითითებული, რათა განვაგრძოთ უკრაინის კანონიერი ხელისუფლების მუშაობა. მინისტრთა კაბინეტმა მიიღოს ზომები, რომ აღადგინოს სახელმწიფო მმართველობა და ვალდებულებების შესრულება პუტჩისტების მიერ არაოკუპირებულ რეგიონებში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს, რომ დროზე გადაიხადონ პენსიები და სოციალური დახმარებები, გადაწყდეს მატერიალური საკითხები, ძალოვან სტრუქტურებში შესული საჩივრების ლოიალური განხილვა, განისაზღვროს ხალხისთვის მატერიალური დახმარებების გაცემის ფორმები და დაფინანსების წყაროები. რეგიონებში სახსრების უქონლობის შემთხვევაში, მოსახლეობას გადაეცეს ნებისმიერი სახელმწიფო ქონება და უფლება, რომ იგი გამოიყენონ.
2. განისაზღვროს, თუ სად განთავსდება უკრაინის მთავარსარდლის შტაბი – უკრაინა ქ. სევასტოპოლი. ადმირალმა იური ილინმა მიიღოს ამომწურავი ზომები, რომ ყველა ნაწილს, ქვედანაყოფს და გემებს დაუკავშირდეს, რათა დამყარდეს სუვერენიტეტი, აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა და დაცული იყოს უკრაინის სახელმწიფოს კანონიერი ორგანოები. მას დროებით უკრაინის გენერალური შტაბის შეიარაღებული ძალების უფროსის მოვალეობის შესრულება დაეკისრება.
ყველა ნაწილის მეთაურს, ქვედანაყოფს და გემს ვუბრძანებ, ბრძანების გამოსვლიდან 24 საათის განმავლობაში გამოვიდნენ კავშირზე უმაღლეს მთავარსარდალთან სევასტოპოლში. ვადის გასვლის შემდეგ ჩაითვლება, რომ ბრძანება არ შესრულდა და ისინი მოღალატეებად გამოცხადდებიან და ჩამოერთმევათ სამხედრო წოდებები. მათ მწყობრის წინაშე ჩამოეხევათ სამხრეები, უმცროსი ოფიცრების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში მიღებული იქნება უმკაცრესი ზომები, იარაღის გამოყენების ჩათვლით. ბრძანების შესრულების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს ქ. სევასტოპოლის გენ-შტაბის უფროსს.
3. უკრაინის მილიციის ქვედანაყოფების ხელმძღვანელები მოვალეობის შესრულების სამხედრო წესზე გადავიდნენ. ბრძანების გამოსვლიდან 24 საათის განმავლობაში გამოვიდნენ კავშირზე მთავარსარდალთან ქ. სევასტოპოლში. მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ, მილიციის ყველა ქვედანაყოფის ხელმძღვანელს ჩაეთვალოს, რომ მან ბრძანება არ შეასრულა და მოღალატეებად გამოცხადდნენ. მიღებული იქნას ზომები წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში იარაღის გამოყენებითაც კი. ბრძანების შესრულების შესახებ დაუყოვნებლივ მეცნობოს მე.
4. სახელმწიფოებმა, რომელთაც სურთ უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების შენარჩუნება, გამოგზავნონ სამხედრო-საზღვაო ატაშეები, რათა კავშირი ჰქონდეთ უკრაინის მთავარ შტაბთან და კანონიერ ხელისუფლებასთან ქ. სევასტოპოლში მანამ, სანამ ამ ქალაქში უცხოური საელჩოების აკრედიტაციის საშუალება იქნება.
5. განისაზღვროს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ნაციონალური ბანკის ადგილმდებარეობა. მათი ხელმძღვანელები გაფრთხილებულნი იქნენ, რომ არ მოხდეს უკრაინის ფინანსური რეზერვების დატაცება, რომლის გამოყენების უფლება მხოლოდ მის კანონიერ ხელისუფლებას აქვს. აღდგეს კორესპონდენტული ურთიერთობები საერთაშორისო ბანკებთან და ფინანსურ ორგანიზაციებთან. თანხების მიტაცების, ქურდობის, ძარცვის ან მათი დროებითი არაკანონიერი ხელისუფლების მიერ გამოყენების შემთხვევაში, დანაკარგების კომპენსირება მოხდება სახსრების და ქონების ნაციონალიზაციით, ამას უკრაინის სასარგებლოდ სასამართლო გადაწყვეტს. ამ მიზნით მთავრობისთვის გაიყინოს უცხოური კომპანიების ყველა აქტივი, ასევე ნებისმიერი კომპანიის აქტივები, რომელშიც უცხოელები მონაწილეობენ მანამ, ვიდრე ეს უცხოური კომპანიები არ დაგვიდასტურებენ, რომ მათ ვალდებულებებს უკრაინის კანონიერი ხელისუფლების წინაშე შეასრულებენ.
6. უკრაინის უმაღლესი რადის ყველა ერთგულ დეპუტატს შევთავაზოთ, რომ ჩამოვიდეს 2014 წლის 3 მარტს სევასტოპოლში, სესიაზე, რომელზეც დეპუტატების ხელშეუხებლობა და უფლებამოსილებები განისაზღვრება.
7. ხელისუფლების საარჩევნო ორგანოებს უკრაინის ოლქებში 3 მარტამდე ვუბრძანებ, მომაწოდონ შესაბამისი ოლქების ხელმძღვანელთა კანდიდატურები კანონის და სამშობლოს ერთგული ადამიანების სახით. მათ მე გუბერნატორებად წარვადგენ. ჩამოყალიბდეს სახალხო ერთობები იმ პირებისგან, რომლებიც კანონიერ ხელისუფლებას ემორჩილებიან. ისინი დაინიშნონ ხელმძღვანელ თანამდებობებზე, ,,ბერკუტის’’ ქვედანაყოფის უფროსად და შინაგანი ჯარის თანამშრომლებად, რომლებიც გმირობით გამოირჩეოდნენ კანონიერი ხელისუფლების დაცვის დროს კიევში. დანარჩენი გადაწყვეტილებები კანონიერი ხელისუფლების აღსადგენად და უკრაინაში კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად შეგიძლიათ დამოუკიდებლად მიიღოთ.”

უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები