„ექო წარსულიდან: ქართველ ტყვეთა სიმღერები, ჩაწერილი ცვილის ლილვაკებზე გერმანიაში, 1916 – 1918 წლებში“

დასრულდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრისა და ბერლინის ფონოგრამარქივის ერთობლივი პროექტი, რომლის ფარგლებშიც გამოიცა კრებული „ექო წარსულიდან: ქართველ ტყვეთა სიმღერები, ჩაწერილი ცვილის ლილვაკებზე გერმანიაში, 1916 – 1918 წწ.“
1916 – 1918 წლებში გერმანიის ტყვეთა ბანაკებში სხვადასხვა ეროვნების ადამიანებისაგან, მათ შორის, ქართველებისაგან, პრუსიის ფონოგრაფიულმა კომისიამ ჩაიწერა ზეპირი მეტყველებისა და ხალხური სიმღერების ნიმუშები. წიგნი მოგვითხრობს ჩაწერის ისტორიაზე, გვაწვდის საარქივო დოკუმენტებიდან ამოკრეფილ ინფორმაციას ქართველ მომღერლებზე, კომენტარებს სიმღერებზე და მათი ტექსტების შინაარსს. კრებულს თან ახლავს ორი კომპაქტ-დისკი, რომელშიც შესულია ბერლინის ფონოგრამ-არქივში დაცული ქართველი ტყვეების 90 სიმღერიდან 65 აუდიონიმუში და წერილობითი დოკუმენტები.
პროექტი განხორციელდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ბერლინის ფონოგრამარქივის ფინანსური მხარდაჭერით.
26 იანვარს, 19:00 საათზე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზი, გაიმართება პრეზენტაცია-კონცერტი, რომელზეც, სხვებთან ერთად, მოწვეულნი არიან ქართველ ტყვეთა შთამომავლები.
კონცერტში მონაწილეობენ ფოლკლორული ანსამბლები: „ანჩისხატი“, „ბასიანი“, „სახიობა“, „დიდგორი“, „შავნაბადა“ და „ძირიანი“, რომლებიც გააცოცხლებენ ქართველ ტყვეთა ნამღერ ნიმუშებს.
პრეზენტაციას გაუძღვება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი რეზო კიკნაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები