ლენტეხის მუნიციპალიტეტში, „ცანა 3“-ის ტერიტორიაზე დარიშხანის შემცველი ნარჩენების სარკოფაგის მოწყობის 2025 წელის სამუშაოები დასრულდა
ლენტეხის მუნიციპალიტეტში, 50 500 მ3 მოცულობის დარიშხანის შემცველი ნარჩენების კონსერვირებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სარკოფაგის მოწყობის მიმდინარე წლის სამუშაოები დასრულდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სარკოფაგში განთავსდა ცანა 3-ზე არსებული დარიშხანის შემცველი ნარჩენები. მოეწყო სარკოფაგის ქვაბული, პროექტით გათვალისწინებული ყველა საჭირო ფენით (გეოტექსტილი, ქვიშა, გეომემბრანა) და სადრენაჟო/სავენტილაციო სისტემით. საცავის გარშემო მოეწყო დამცავი ბერმა. სამუშაოების ბოლო ეტაპზე სარკოფაგი გადაიხურა დამცავი ფენებით.
2025 წლის დასკვნით სამუშაოებს სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი ნინო უტიაშვილი და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გაზდელიანი ადგილზე გაეცნენ.
2026 წელს დაგეგმილია ცანა 1-სა და ცანა 2-ის ტერიტორიებზე არსებული დაბინძურებული დარიშხანის შემცველი ნარჩენებით სარკოფაგის სრულად შევსება, რის შემდეგაც, სარკოფაგი სრულად გადაიხურება პროექტით გათვალისწინებული დამცავი ფენებით.
ბოლო ეტაპზე, დაბინძურებული ნარჩენებისგან გათავისუფლებული ტერიტორიების სრული რეკულტივაცია მოხდება.
სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ აღნიშნული სამუშაოების განხორციელების შედეგად, ლენტეხის მუნიციპალიტეტი სრულიად გაიწმინდება დარიშხანის შემცველი ნარჩენებისგან.