„არ მიყვარს პლაგიატობა და კოპირება, რაც ქართულ ფილმებში ჭარბობს…“

    „კინო ბავშვობიდან მიყვარს. რამდენიმე, მათ შორის გერმანელი რეჟისორის შავ-თეთრმა ფილმმა დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. სამწუხაროდ, სარეჟისორო ფაკულტეტი არ დამიმთავრებია. როგორც საქართველოში ხდება, ჩემს შემთხვევაშიც მშობლებმა მიიღეს გადაწყვეტილება და  ტურიზმზე ჩავაბარე. იმდენად არ მინდოდა და არ მიყვარდა, რომ მაინც ჩემს საქმეს დავუბრუნდი.“ – კინორეჟისორი გიორგი მარკოზაშვილი.

 – როდის დაიწყე აქტიურად მუშაობა?10755003_797641000284954_1476121235_n
– რამდენიმე წლის წინ დავიწყე სცენარების წერა. პირველი სცენარი რომ დავწერე და დახმარება ვითხოვე, თითქოს მოეწონათ, შემპირდნენ დახმარებას, მაგრამ მომატყუეს. შემდეგ, ერთწლიანი ჩავარდნის პერიოდი მქონდა. ერთ დღეს ძალიან ცუდ ხასიათზე გავიღვიძე და ვთქვი, რომ აუცილებლად გადავიღებდი კინოს. პატარა სცენარი მქონდა, დაახლოებით 15 -წუთიანი ფილმი გამოვიდოდა. მეგობრები შევკრიბე სამსახურის მერე და საკუთარი ფინანსებით გადავიღეთ. არცერთს, არანაირი გამოცდილება არ გვქონდა, მაგრამ, რასაც ველოდით, იმაზე კარგი გამოვიდა. ირლანდიის კინოფესტივალზე, ჩემი ფილმი „DAY OUT“ მეექვსე ადგილზე გავიდა.
– როგორც ვიცი, მეორე ფილმიც გადაიღე
– მეორე ფილმი „The Night Stand“ აგრეთვე მოკლემეტრაჟიანი, 40- წუთიანია, მაგრამ მუშაობა შედარებით რთული იყო. ძალიან დიდი შრომა ჩავდეთ. ისევ სამსახურის შემდეგ ვიღებდით, როცა გვეცალა. ფილმზე სამი თვე ვიმუშავეთ. რომ არა ჩემი მეგობრების დახმარება, ვერაფერს გავაკეთებდი, თუნდაც ტექნიკური თვალსაზრისით. ვიღაცას კამერა ჰქონდა, ვიღაცას იარაღი და ა.შ.
– პრობლემები და სირთულეები, რომლებიც მუშაობის პერიოდში გხვდება10934250_797641003618287_401059258_n
– დღეს საქართველოში ყველაზე დიდი პრობლემა, სპონსორზე და ფინანსებზე რომ არაფერი ვთქვა, მსახიობების თამაშია. მე მათ ტიპაჟებით ვარჩევ. მსახიობი, პირველ რიგში, უნდა იყოს თავისუფალი, უკომპლექსო, ხელოვნურობა და სიყალბე არ უნდა ჩანდეს მასში. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ფილმებში არაპროფესიონალი მსახიობები თამაშობენ, ბევრ გამოცდილ მსახიობზე უკეთ აკეთებენ საკუთარ საქმეს. გარდა ამისა, მე არ მაქვს საშუალება, მსახიობს ჰონორარი გადავუხადო, საკუთარი ნებით და სურვილით მონაწილეობენ.
მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა ტექნიკური მხარეა. თითქოს ვერ გადმოვიდნენ ახალ ტექნიკაზე, არ იციან სწორად მოხმარება და ეს ფილმებსაც ეტყობა. საბედნიეროდ, მე კარგი ოპერატორები და მონტაჟისტი მყავს.
– მისტიკა და საშინელებათა ფილმებიჟანრი, რომელიც საქართველოში ნაკლებად პოპულარულია
– მართალია, ეს მიმართულება საქართველოში ნაკლებად პოპულარულია და არ აქცევენ ყურადღებას. პირველი ვარ, ვინც ამ მიმართულებით ვმუშაობ. არავინ არ იღებს ამ ჟანრის ფილმებს. თუ იწყებენ მუშაობას, ნახევარი ფილმის შემდეგ თავს ანებებენ, არ გამოსდით. მე ეს ორი ფილმი წარმატებით გადავიღე. პირველი უფრო მისტიკაა, მეორე მძაფრსიუჟეტიანი. ვთვლი, რომ გაამართლა, რადგან პრემიერაზე ვხედავდი, ადამიანების ემოციებს, როგორ ეშინოდათ. რაც ფილმის ზემოქმედების ქვეშ ყოფნას ნიშნავს.
– ფილმის სცენარსაც წერ და რეჟისორიც შენ ხარ…
– სცენარსაც მე ვწერ, რეჟისორიც მე ვარ და ვთამაშობ კიდეც ჩემს ფილმებში. ზოგადად, კრიტიკულად ვუდგები ყველაფერს. არ მიყვარს პლაგიატობა და კოპირება, რაც ქართულ ფილმებში სჭარბობს. მე მინდა საკუთარი ხელწერა მქონდეს.
– ქართული კინო და კინოფესტივალები10934341_797640993618288_960798484_n
– სამწუხაროდ, ჩვენთან ობიექტურად არ ტარდება კინოფესტივალები. მაქვს ინფორმაცია, რომ ჟიურის წევრები კინოს არც უყურებენ, არ აინტერესებთ მონაწილეები, ფეხი ფეხზე გადადებულები ყავას მიირთმევენ და, უმეტესად, ნაცნობობით წყდება ყველაფერი.
რაც შეეხება, ქართულ კინოს, ვთვლი, რომ ძველი ქართული ფილმები შედევრებია. უბრალოდ, მათ საბჭოთა კავშირის პერიოდში მოუწიათ არსებობა. ახალი ფილმებიდან კი, ყველაზე ძალიან ზაზა ურუშაძის ფილმი „მანდარინები“ მომწონს და წარმატებას ვუსურვებ. როგორც უკვე ვთქვი, ქართული კინო, ძირითადად, პლაგიატობა, კოპირება და რეკლმაა, რაც კინოს რეიტინგს უკარგავს.
– კრიტიკა საქართველოში
– მიყვარს ჯანსაღი კრიტიკა, მაგრამ არ მიყვარს უსამართლო, თითოეულ წერტილს რომ უკირკიტებენ, ამას ბოღმას და შურს ვეძახი. სამწუხაროდ, კარგს რომ აკეთებ, ჩუმდებიან და თუ ცუდი გამოვა, მაშინ ვერ აჩერებ ადამიანებს. რთულია იმუშაო, გააკეთო და უსამართლო კრიტიკა მოისმინო. მით უმეტეს, რომ ძალიან რთულია ამ ჟანრში მუშაობა.
ჩემი ფილმების პრემიერებზე ბევრი პროფესიონალი რეჟისორი იყო მოსული, მომცეს შენიშვნები და მადლობელიც ვარ. ბევრი რამ შეიძლება ყურადღების მიღმა დარჩეს, როცა გამოცდილება არ გაქვს. ბევრი ფინანსური პრობლემის გამო. მაგრამ, ახლა ვიცი, რომ ის შეცდომები აღარ უნდა გავიმეორო.
– როგორც ვიცი, ახლა მესამე ფილმზე მუშაობ
– დიახ, სცენარი უკვე დავწერე და ზაფხულში დავიწყებთ გადაღებას. მსახიობებიც თითქმის შევარჩიე. რამდენიმე მსახიობი წინა ფილმიდან დავტოვე, მაგრამ ახალი სახეები მიყვარს. ვესაუბრე კიდეც რამდენიმე ახალ მსახიობს და სცენარი მოეწონათ. ალბათ, დამთანხმდებიან.
ფილმი სათავგადასავლოა. არის რაზმი, რომელსაც მისტიკური კეისის მოპოვება ევალება. მასშტაბური ფილმი იქნება და სპონსორი აუცილებლად მჭირდება.
– ვხედავ, ოპტიმისტურად ხარ განწყობილი10942845_797640990284955_905380193_n
– იმედს არ ვკარგავ. არ მიყვარს იმის თქმა, რომ საქართველოა და მაინც ვერაფერს გავაკეთებ. მაინც უნდა სცადო და მოსინჯო ძალები. ინტუიციაც კარგი მაქვს. როცა ვგრძნობ, უფრო წინ მივდივარ. მიზანდასახულიც ვარ და ისეთი მეგობრებიც მყავს გვერდით, რომ არ შეიძლება უიმედოდ ვიყო.
თავიდან, არავის სჯეროდა, რომ რაღაცას შევქმნიდი. სახლშიც კი დამცინოდნენ. მე კი დავდიოდი და ყველას კინოზე ველაპარაკებოდი. პრემიერის შემდეგ ბევრმა დამირეკა და მისაყვედურა, რატომ არ დავპატიჟე პრემიერაზე. საკუთარი თავის რწმენა აუცილებლად უნდა გქონდეს, თუ გინდა რომ რამე გააკეთო.
თუმცა კარგი იქნება, საქართველოში სისტემა, აზროვნება და დამოკიდებულებები შეიცვალოს. ცოტა ობიექტურად ხდებოდეს ფინანსების გაცემა, ნიჭიერ ადამიანებსაც მიაქციონ ყურადღება და საკუთარი თავის რეალიზების საშუალება მისცენ.

მზევინარ ხუციშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები