სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პირველადი რეგისტრაციის პროექტთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეგისტრაციის პროექტთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. როგორც „კვირას“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, შეხვედრაზე სააგენტოს წარმომადგენლებმა USAID-ის ექსპერტებთან და სამუშაო ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად მიწის ნაკვეთებზე უფლებებისა და მასთან დაკავშირებული ვალდებულებების სახელმწიფო პროექტის ფარგლებში რეგისტრაციის შესახებ კანონპროექტი განიხილეს.
კანონპროექტში ასახული ახალი სარეგისტრაციო პოლიტიკისა და სამართლებრივი რეგულაციების საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით, სასოფლო-სამეურნეო მიწების პირველადი რეგისტრაციის პროექტს განახორციელებს.
შეგახსენებთ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით, „საქართველოს ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების“ პროექტს ახორციელებს. პროექტი ორ კომპონენტს მოიცავს: საირიგაციო სისტემების რეაბილიტაციას (სოფლის მეურნეობის სამინისტრო) და მიწის ბაზრის განვითარებას, რომლის განმახორციელებელიც იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოა.
პროექტის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების საკადასტრო და პირველადი სარეგისტრაციო სამუშაოები 11 სოფელში შესრულდება. სულ კი 48 000 ნაკვეთის პირველადი რეგისტრაცია მოხდება. უშუალოდ ამ პორცედურის წინა მოსამზადებელი სამუშაოები ნაკვეთებისა და მესაკუთრეების იდენტიფიკაციას, უფლების დამდგენი დოკუმენტების მოძიებას, არსებული პრობლემების ანალიზს, საკადასტრო აზომვით სამუშაოებს და ა.შ. გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ პროექტი მიწის მესაკუთრეობასთან მიმართებაში ქალთა უფლებების შეზღუდვის დარეგულირებასა და გენდერული თანასწორობის პრინციპების პოპულარიზაციასაც ითვალისწინებს.
განხორციელებული სამუშაოების ანალიზის საფუძველზე შემუშავდება მეთოდოლოგია, რომელიც სააგენტოს ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო მიწების პირველადი რეგისტრაციის დასრულებაში, სარეგისტრაციო და საკადასტრო ბაზის სრულყოფაში დაეხმარება. სრულყოფილი სარეგისტრაციო და საკადასრტრო მონაცემთა ბაზა კი ხელს შეუწყობს როგორც სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას, ასევე უძრავი ქონების ბაზრის გააქტიურებასა და ქვეყნის ეკონომიკის გაუმჯობესებას. პილოტ პროექტისთვის შერჩეულია სოფლები: დაბა შუახევი, ლახამულა, სალხინო, არბოშიკი, კარალეთი, საგურამო, ზარიძეები, დაბა მანგლისი, არხილოსკალო, ვედიდკარი, ჯიმითი-ბოგდანოვკა. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ამ სოფლებში 2015 წლის აპრილში დაიწყება და 30 თვის განმავლობაში გაგრძელდება.