„რთულია ემიგრაციაში ცხოვრება, მაგრამ საინტერესო…“

      „თითქმის მეათე წელია, საკუთარ ფესვებს მოწყვეტილი, შორიდან ვეალერსები ყველაფერს ქართულს. ახლა ვბრუნდები, რომ თქვენი სულის ლამაზ ყვავილებს მივუალერსო. ასგზის გითხრათ, მე თქვენ მიყვარხართ. ეს სულ ერთია, მტერი ხარ თუ მოყვარე ჩემი, ვერასოდეს გაგიმეტებ ტკივილისთვის. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ, ქართველობო, საქართველოზე უსაზღვროდ შეყვარებულო არა ქართველნო, მოყვასნო ჩემი ერისა. ნებისმიერს, რომელიც ხელში აიღებს ამ პატარა წიგნს, ვუსურვებ სიმშვიდეს ქვეყანასა ზედა და ოჯახსა შინა. მე თქვენ განდობთ ყველაზე ძვირფასს, ყველაზე ლამაზს, ყველაზე ფრთხილ ნაფიქრალს, ზოგჯერ ნათავხედებს. ბედნიერი ვიქნები, თუ ერთ ადამიანს მაინც, გაათბობს ზამთრის ცივ, მონოტონურ ღამეში ჩემი სულის მუსიკალი სტრიქონი. გისურვებთ კეთილ მგზავრობას ჩემს სამყაროში“. – ფილოლოგი, პოეტი ლალი მჭედლიძე.

– პროფესია…10859920_794300377285683_969675742_n
– პროფესიის არჩევა ჩემთვის ადვილი არ იყო, რადგან, ზოგადად, კარგი მოსწავლე ვიყავი. ძალიან ბევრ საგანს ვსწავლობდი კარგად და მასწავლებლებს ჰქონდათ სურვილი, მათი გზა გამეგრძელებინა. პირველად, თითქოს დედის სურვილს ავყევი და სამედიცინოზე ვაპირებდი ჩაბარებას. მაგრამ ძალიან მალე ვიგრძენი, რომ სხვისი ტკივილი, აბსოლუტურად ჩემს ტკივილად მიმაჩნდა. იმისთვის, რომ ექიმი იყო, უნდა შეხვიდე პაციენტის მდგომარეობაში, მაგრამ იმდენად ღრმად არა, რომ ეს  შენს განცდებში გადმოვიდეს.
შემდეგ, რუსთავში ქიმიკოსთა სასახლეში მედეა ჯაფარიძეს შევხვდი. ნარ-ნარით, სინაზით, ვარდისფერი კაბით გამოვიდა სცენაზე. ყველა დაჯდა და მე ცრემლები მომდიოდა. შეკითხვებს ფურცელზე ვწერდით და ვაწვდიდით მსახიობს. მე მივწერე: ქალბატონო მედეა, თუ შეიძლება, თქვენი პირველი სიყვარულის შესახებ გვიამბეთ. მაშინ, ალბათ, ნაკლებად იყო ცნობილი, რომ მედეას პირველი მეუღლე  გრიშა კოსტავა იყო. მედეამ ყველა შეკითხვას უპასუხა და ჩემს კითხვაზე თქვა: ამ შეკითხვის ავტორი იქნებ შემხვდესო. მე, მართლაც, დაველოდე მას. შეხვედრის შემდეგ გვითხრა: 27 იანვარს ჩვენ გვექნება სპექტაკლის პრემიერა – ბერნარდ შოუს „სტელა და ავი სული“. გთხოვთ, მობრძანდეთო.
მეგობრებთან ერთად წავედი ამ სპექტაკლზე. სპექტაკლის შემდეგ ყვავილები ავუტანე სცენაზე და კულისებში გამიყვანა. ვისაუბრეთ და სახლში დამპატიჟა. მასთან სტუმრობის დროს წავუკითხე ლექსები. როდესაც პროფესიაზე მკითხა, არ ვიცი, რატომ, მაგრამ ვუთხარი, რომ  რეჟისორობას ვისურვებდი. ძალიან მეხვეწა, სამსახიობოზე წავსულიყავი.
დედაჩემს ეგონა და, მართლაც, ასე იყო, ვკითხულობდი ბიოლოგიას, ქიმიას, მაგრამ ქვემოთ მქონდა გადაშლილი ხელოვნების ენციკლოპედია და ვემზადებოდი სარეჟისოროსთვის. იმ წელს მიხეილ თუმანიშვილი აყალიბებდა ჯგუფი. ასობით ახალგაზრდა აბარებდა და ბევრი გაუშვეს. ჩემს შემთხვევაში ასე არ მოხდა. მე გადავლახე ყველა ეტაპი. ბოლოს დედაჩემი მოვიდა თეატრალურ ინსტიტუტში და მითხრა: შენ რა სოფიკო ჭიაურელობას ხომ არ აპირებ? ის ერთია…. დიდი ემოციური წინააღმდეგობა ჰქონდა. ასე დამთავრდა ჩემი მცდელობა.10867020_794300383952349_1494284235_n
იურიდიულზე ვაბარებდი და ერთი ქულა დამაკლდა. მერე დავდიოდი და ვფიქრობდი, რა უნდა გამეკეთებინა. ინგლისურში მომზადების პერიოდში ჩემმა რეპეტიტორმა მითხრა: ლალი, შენ სხვანაირად წერ. ან ჟურნალისტი უნდა გახდე, ან ფილოლოგიო. გადასძალა რეპეტიტორის სიყვარულმა და დავრჩი ფილოლოგიურზე. ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია, რადგან ეს არაჩვეულებრივი საშუალებაა, გქონდეს პირდაპირი და არაპირდაპირი კონტაქტი ადამიანებთან. ეს მნიშვნელოვანია, როცა ასე გიყვარს ადამიანები, როგორც მე. მართლაც ძალიან მიყვარს ყველა, თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებებით, სისუსტეებით. ამასთან, ზოგადად, ძალიან მაინტერესებს ადამიანი და მისი შინაგანი სამყარო, გარეგანის ზეგავლენით. ამის საშუალებას ვერცერთი სხვა პროფესია ვერ გაძლევს ისე, როგორც ფილოლოგი. ეს არის პროფესია, სადაც, შეიძლება ითქვას ერთი წინადადება და იგულისხმო შვიდი. ეს არის პროფესია, სადაც მზერაში იხსნება მთელი სამყარო. კმაყოფილი ვარ, რომ ვარ ის, ვინც ვარ.
– მუშაობდი სკოლაში…
– როგორც უკვე აღვნიშნე, ზოგადად, ეს პროფესია არის ურთიერთობა ადამიანთან და მის სამყაროსთან. ბავშვები პატარა ადამიანები, პიროვნებები არიან. მე მათ ყოველთვის მივმართავდი თქვენობით და ამით ხაზს ვუსვამდი, რომ თქვენ ჩემთვის ხართ აღმატებულნი, არაჩვეულებრივნი. ჩემთვის არ არსებობდა სუსტი და ცუდი ბავშვი. ყველა ბავშვში უნდა გააღვიძო სურვილი. მე ვფიქრობ, მასწავლებლები აკლებენ რაღაცას ბავშვს, როდესაც მასში არ იღვიძებს საგნის სიყვარული. თუ შენ მას, ისე გულწრფელად და პირდაპირ მიაწვდი, როგორც ამას შენ განიცდი და ხედავ, არაფრით ეს სიტყვა დაბლა დავარდნილი არ აღმოჩნდება. ბავშვი აუცილებლად აიტაცებს. იცხოვრებს შენთან ერთად იმ სამყაროში. მე ვერ ვიტყვი, რომ ჩემი გაკვეთილებით უკმაყოფილო ვარ. ჩვენ, მართლაც, ერთ სამყაროში ვცხოვრობდით. მახსოვს, როდესაც ვინმე გაბედავდა და კარს შემოაღებდა, ყველა ბავშვი საყვედურით გახედავდა – ვინ დაარღვია ჩვენი მყუდროება. ზოგადად, პროფესიაშიც, ადამიანებთან ურთიერთობაშიც ამოსავალი წერტილია სიყვარული. სიყვარულით აშენებ ყველაფერს, როგორი დანგრეული და დალეწილიც არ უნდა იყოს. მე ჩემს მოსწავლეებთან ერთად ფერად სამყაროში ვიცხოვრე.
– წერ ლექსებს…10934501_794300363952351_1014435547_n
– 9 წლის ვიყავი, პირველად  ლექსი რომ დავწერე. ეს ის წელი იყო, ფეხბურთში ევროპის თასი რომ მოიგეს. მართალია, დიდად არ მიყვარდა სპორტი და არც მონაცემები მქონდა, მაგრამ სრულიად საქართველოს ემოცია გადამედო. მაშინ მითხრეს მშობლებმა, რომ 4 წლის ასაკში დამიწერია ყაყაჩოებზე ლექსი. ჩაწერილი ჰქონდათ, მაგრამ ვეღარ მოიძიეს. სადღაც 4-5 წლიდან იწყება, როგორც ჩანს, სხვა ხედვის ჩამოყალიბება. ამ სპორტული ხასიათის ლექსის შემდეგ, უკვე იწყება სტრიქონებთან ფერების მომენტი. 14 წლის ასაკში უფრო გაძლიერდა წერის სურვილი. ეს ის მომენტია, როცა უფრო მეტად ფაქიზი, მეტიჩარა ხდები. ცოტა იპრანჭები და სამყარო გესხვანაირება.
– ერთი კრებულის ავტორიც ხარ…
– დიახ, ერთი კრებული მაქვს, მაგრამ უახლოეს მომავალში ვფიქრობ მეორე კრებულის გამოცემას. პირველი კრებულიც კომერციული მიზნით არ გამოვეცი. არც ერთი წიგნი არ გამიყიდია. მე მას ვჩუქნი იმ ადამიანებს, სადაც ვგრძნობ, რომ ეს უნდა გავაკეთო და მეძვირფასება ის ადამიანი.
ჩემი კრებული მოგზაურობს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში – ამერიკაში, საფრანგეთში, ინგლისში. ასეთი აქცია იყო, წიგნებს ტოვებდნენ. მეც ასე უმისამართოდ ვტოვებდი ჩემს კრებულს. ჩემი მიზანია, ჩემმა ლექსებმა ადამიანები გაათბოს. ბევრი ადამიანი მეუბნება, შენი ლექსები გვეალერსება და ჩვენია. ბევრ რამეს ამბობ ისეთს, რისი თქმაც ჩვენ გვინდოდა, ან არის გრძნობები, რომელიც ჩვენ გვაწუხებს, მაგრამ ასე ხმამაღლა ვერ გვითქვამს.
– და რა უნდა ხალხს?
– ადამიანებს ენატრებათ მონატრება, ერთმანეთი, გულწრფელი სიყვარული. ძალიან აკლია დღევანდელ მსოფლიოს გულწრფელობა და სიღრმე. ყველაფერი თითქოს ზედაპირზეა დალაგებული.
– 17 წელი ემიგრაციაში…10928559_794300373952350_1443040535_n
– ძალიან უკვირთ, ჩემი სულიერების, ემოციების პატრონმა, როგორ გავძელი 17 წელი ემიგრაციაში. ასე, ძალიან რომ მიყვარს ჩემი სამშობლო, როგორ წავედი და გავძელი ამდენი წელი. სიმართლე გითხრათ, არასდროს მქონია დეპრესიული მომენტები, ჩემი არაჩვეულებრივი მეგობრების დახმარებით.
მქონდა ძალიან საინტერესო სტუდენტური ცხოვრება. ვიხსენებდი ამ ყველაფერს და კვირაში ერთხელ, შაბათ დღეს, მაშინ, როცა ფოსტაც არ მუშაობდა წესიერად, ჩემთან 12-13 წერილი მოდიოდა საბერძნეთში, ჩემი მოსწავლეებისგან, მასწავლებლებისგან, მეგობრებისგან. ფაქტობრივად, რაც აქ ხდებოდა, მე ყველაფერი ვიცოდი. მე ვცდილობდი, იქიდან დავხმარებოდი ჩემს მეგობრებს, თუნდაც მატერიალურად, რაც მაშინ ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირო იყო. 10 წლის შემდეგ, პირველად რომ დავბრუნდი საქართველოში, ყველას უკვირდა, როგორ ვიცოდი ამდენი რამ მათზე. ფაქტობრივად, მე უფრო მეტი ვიცოდი მათზე, ვიდრე თვითონ ისინი ფლობდნენ ინფორმაციას ერთმანეთის შესახებ. ბიძაჩემი სულ მეუბნებოდა, შენ ხარ ჩვენი ხიდი. მე  იქიდან ვახერხებდი, რომ მათ ერთმანეთთან ურთიერთობა ჰქონოდათ. მაინც საქართველოში ვიყავი ყოველთვის. სულ მესიზმრებოდა საქართველო და მტკიოდა მისი ტკივილი. ვგებულობდი, ვის უჭირდა და ასე უმისამართოდ ვეხმარებოდი ადამიანებს. ეს იყო, ალბათ, ჩემი იქ ცხოვრების გამართლება. ძალიან მიყვარს ქვეყანა, სადაც ვცხოვრობდი. ვემადლიერები ბერძნებს და საბერძნეთს. ეს არის ჩემი სულის ტკივილი, რომ ამ ქვეყანას ახლა ძალიან უჭირს. ის მე მტკივა ისე, როგორც საკუთარი სამშობლო.
რთულია ემიგრაციაში ცხოვრება, მაგრამ საინტერესო.
– შვილები, რომლებიც საბერძნეთში დაიბადნენ და გაიზარდნენ…
– არც ისე დიდი ხნის წინ, ჩემმა მეგობრამა მითხრა: არ ვიცი, ლალი, როგორ გაზარდე შენი შვილები, რომ  ღრმად ქართულად და სხვანაირად აზროვნებენ. ნაკლებად დავიკვეხნი ჩემი მუსიკალურობით, მაგრამ როდესაც პირველი შვილი გამიჩნდა, მას ვასმენინებდი ჰამლეტ გონაშვილის სიმღერებს და ვუკითხავდი „ვეფხისტყაოსანს“. როდესაც მეკითხებოდნენ, რატომ ვაკეთებდი ამას, ვპასუხობდი: ეს ბგერების თამაში აუცილებლად ჩაჯდება მის გონებაში და თავის დროზე ნაყოფს გამოიღებს-მეთქი. ოჯახში ბერძნულადაც ვსაუბრობდით, მაგრამ მე მათ ქართულად ვზრდიდი, ვუკითხავდი ქართულ პოეზიას, ვესაუბრებოდი ქართველი პოეტების შესახებ. თუმცა იმედგაცრუება მაინც არის. აქ ჩვენ დაგვხვდა უცხო სამყარო, ნაკლებად რომანტიკული, მკაცრად პრაგმატული, უფრო ცივი და არაქართული ტემპერამენტით. რაღაც მომხდარა ამ 17 წლის მანძილზე, რაღაც გაციებულა, გარდაქმნილა და ამას ყველაზე მეტად ჩვენ ვგრძნობთ. მე ისინი სხვანაირად გავზარდე და მთხოვენ, ვაჩვენო ის სულიერება, ქვეყანა, რომლის შესახებაც ვესაუბრებოდი და რომლის სიყვარულითაც ვზრდიდი.
– დაბრუნდებით საბერძნეთში?10752145_794300370619017_1152533329_n
– როდესაც დავბრუნდით, პირველ წელს ერთ-ერთი პედაგოგი ესაუბრებოდა ჩემს შვილს პრობლემებზე. მან კი უპასუხა, მე ვიცი, რომ რთული იქნება, მაგრამ მზად ვარ ბრძოლისთვის. ამ წუთში ჩვენ ვიბრძვით, მეც და ჩემი შვილებიც. ეს არის ძალიან რთული ბრძოლა საკუთარ სამშობლოში თვითდამკვიდრებისთვის. ჩვენ ჩამოვედით უცხო ქვეყნიდან, სადაც არ ვგრძნობდით თავს უცხოელად, სტუმრად და საკუთარ ქვეყანაში ვართ უცხო ადამიანები. სამწუხაროდ, მოხდა ის, რასაც არ ველოდებოდი. მაგრამ მე მრავალგზის დავეცი საქართველოში და მაინც ავდექი. ეს, ის შემთხვევაა, როცა გაქვს განსაცდელი, ეს ჩემი გამოცდაა. მე ჩემს შვილებთან ერთად ამ გამოცდას გავდივარ. მე ავდგები ისევე მყარად, როგორც ოდესღაც. ბრძოლა ყოველთვის დასჭირდება ისეთ ადამიანს, როგორიც მე ვარ. მე ვიბრძვი მხოლოდ საკუთარი მხრებით, გონებით, შესაძლებლობებით, ძალებით და ეს საქართველოში არასდროს იყო ადვილი, მითუმეტეს ახლა, უფრო რთულია.
– ის, რაც შენ გინდა, უთხრა ქართველებს…
– იქნებ, როგორმე დავუბრუნდეთ იმ ჩვენს ძირებს, ფესვებს, რომლებიც ოდესღაც სიყვარულით იყო გაჟღენთილი. მე იმ სიყვარულს ვგულისხმობ, სურნელით რომ გრძნობდნენ ქართველები ერთმანეთს. არ არსებობს მსოფლიოში ჩვენზე ძლიერი ერი, როცა ერთად ვართ. ჩვენი გონიერება, ნიჭირება ერთმანეთს უნდა დავახარჯოთ. ძალიან გვჭირდება ერთმანეთის მოფერება. მინდა სევდა გავუფანტოთ ერთმანეთს, ლამაზი წუთების ფასი ვიცოდეთ.

 მზევინარ ხუციშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები