გაჭირვებული ოჯახი და 5 არასრულწლოვანი დახმარების მოლოდინშია – ახალ წელს იმედით ვხვდებით…
ახალი წლისა და ქრისტეშობის დღესასწაულიდან ჯერ სულ რამდენიმე დღე გავიდა. თბილისი ჯერაც საახალწლოდ მორთულ – მოკაზმულია. ოჯახებში არ აშლილა სუფრა და არც ძლიერი სქესი გამოსულა ბახუსიდან… როცა ახალ წელს ვეგებებით ხოლმე, ადამიანები, ძირითადად, საკუთარი სურვილების ჩათქმით, სიმღერითა და ქეიფით ვკავდებით. ზოგი „აიფონს“, ზოგი მანქანას, ზოგი მოგზაურობას, ზოგი ზედმეტი კილოგრამების ჩამოკლებას, ზოგიც კი შვილებისთვის უბრალოდ საარსებოს მოპოვებაზე ოცნებობს. ხშირად გვავიწყდება, რომ ყველა სახლი სინათლითა და სითბოთი არ არის სავსე, ყველას შვილს არ უხარია საახალწლო აურზაური და ხშირად ვერც ნაძვის ხეს რთავენ…
ასეთ ოჯახთა რიცხვს თბილისში, დიდ დიღომში მცხოვრები ივანე ტატალაშვილისა და გიული სამადაშვილის ოჯახი მიეკუთვნება. ოჯახს, რომელშიც 5 არასრულწლოვანი ბავშვი იზრდება, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფის დახმარების გარდა არანაირი შემოსავალი არ გააჩნია. მათ საცხოვრებელიც არ ჰქონდათ მანამ, სანამ მთავრობამ დიდ დიღომში (პეტრიწის ქუჩა 9ა, მე-14 სართული, ბინა 49) 2-ოთახიანი ბინა არ უქირავა. ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერც ქალბატონი გიული და ვერც ბატონი ივანე მუშაობას ვერ ახერხებენ. „კვირას“ ზარს სევდიანი ხმით უპასუხა ოჯახის დიასახლისმა და ოჯახის გაჭირვებაზე ათრთოლებული, ოდნავ გაბზარული ხმით უამბო.
„არც კი ვიცი, საიდან დავიწყო… 15 წელია უკიდურეს გაჭირვებაში ვცხოვრობთ. 5 შვილი მყავს. ერთი 2006 წელს 2 წლის ასაკში ფილტვების ანთებით დამეღუპა. დამრჩა ერთი ბიჭი და 4 გოგო. ბიჭი 17 წლის არის, გოგონები: 15-ის, 6-ის, 5-ის და 3 წლისანი არიან. 17 და 6 წლის ბავშვები სკოლაში დადიან, 5 და 3 წლისები – ბაღში. ჩემს 15 წლის გოგონას ფეხები აწუხებს და 3 წელია სკოლაში ვეღარ დადის. უკიდურეს გაჭირვებაში ვცხოვრობთ, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ოჯახთა რიცხს ვეკუთვნით და მაგ დახმარებით გაგვაქვს თავი. ძალიან გვიდგას გვერდით მამა ლუკაც“, – აღნიშნა „კვირასთან“ საურისას გიული სამადაშვილმა.
– მამა ლუკა ვინ არის, რითი გეხმარებათ?
– დიდ დიღომში ღვთისმშობლის ეკლესიის მოძღვარია. სწორედ მან გაახმაურა წლების წინ ტელევიზიით ჩვენი ოჯახის მდგომარეობის შესახებ და ამის მერე მოვიდნენ ჩვენთან სოციალური მუშაკები. ყველაზე დაბალი – ასი ქულა გვაქვს. საცხოვრებელი ბინა წინა მთავრობის პირობებშიც გვიქირავეს, ეს იყო 2011 წელს, თუმცა ორ თვეზე მეტი არ გადაგვიხადეს და ბინიდან გამოგვიშვეს, ამ დროს მე ყველაზე პატარა შვილზე ვიყავი ორსულად. ჩემი ოჯახიანად „პალატკაშიც“ მომიხდა ცხოვრება.
ქალბატონი გიულიც და მისი მეუღლეც ახალგაზრდები არიან, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემების გამო ფაქტობრივად შრომისუუნარო პირებს მიეკუთვნებიან. მისი მეუღლე ფილტვებზე ოპერაციას საჭიროებს. ოჯახი იმედოვნებს, რომ ოპერაციას სახელმწიფო დააფინანსებს, თუმცა როგორც „კვირას“ გიული სამადაშვილმა განუცხადა, ოპერაციის გარდა, თანხის მობილიზება ახალი გამოკვლევებისთვის და ნარკოზისთვისაც არის საჭირო, რასაც სახელმწიფო დაფინანსება არ ითვალისწინებს.
„მე 36 წლის ვარ, ჩემი მეუღლე – 41- ის. ჰაერის უკმარისობის გამო მარცხენა მკლავს ვერ ვამუშავებ, მალებს შუა მაქვს თიაქარი. 2-ჯერ გადავიტანე მიკროინფარქტი. თიაქარი 2011 წელს, ნაქირავებ ბარაკში ცხოვრების დროს დამემართა. გაუსაძლისი პირობები იყო. არ გვქონდა არც წყალი და არც ელექტროენერგია. სანთლებს ვანთებდი, წყალს კი ეკლესიის ეზოდან ვეზიდებოდი. სახლში ვირთხები გვყავდა, რამდენჯერმე გველიც კი შემოვიდა. სადაც მაგ დროს ვცხოვრობდით, გვერდით სახლი შენდებოდა. ამ მშენებლობაზე პატრონს ბლოკები მორჩა, აღარ სჭირდებოდა, მე და ჩემი ოჯახი ვეცოდებოდით და დაგვითმო. ამ ბლოკებს დავათრევდი და ვყიდდი. თიაქარი სწორედ მაშინ დამემართა. ჩემი მეუღლე კი ფილტვებით არის დაავადებული. მეუღლეს ოპერაციას სჭირდება, რომელიც 6200 ლარი ჯდება, დაფინანსების იმედი გვაქვს, თუმცა ამ თანხაში ნარკოზი არ შედის. მას ცალკე 350 ლარი სჭირდება.
გარდა ამისა, მისთვის გამოკვლევების ჩატარებაც აუცილებელია, რომელიც აგრეთვე არ ფინანსდება. არ ვიცი, ეს თანხა სად ვიშოვო. მეუღლის მკურნალობისთვის ბანკში უკვე ავიღე სესხი. 830 ლარი გამოვიტანე და სამ წელიწადში უნდა დავფარო. ამ სესხისთვის ჩვენი დახმარებიდან ირიცხება ფული და უკვე რამდენიმე თვეა ამის გამო 300 ლარის ნაცვლად ხელზე 130 ლარს ვიღებ. სახლში შვიდნი ვართ, მაგრამ მხოლოდ 4 ლოგინი გვაქვს. შეტყუპებული გვიდგას საწოლები, რომ დავეტიოთ ყველა. ჩვენი ქირის ფულიც ორი თვის ჩასარიცხი აქვს მთავრობას და ვღელავ ამის გამო“.
– ქალბატონო გიული, როგორ ახერხებთ ამ თანხით ოჯახის გამოკვებას? ან როგორ ყიდულობთ ბავშვებისთვის ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, ჩანთებს, რომ სკოლაში იარონ…
– საკვები უფასო სასადილოდან ამომაქვს. საკვებს და მასთან ერთად დღეში 3,5 პურს გვაძლევენ. მაგით ვიკვებებით. ძალიან მეხმარება და გვერდით მიდგას მამა ლუკა. ვერასოდეს ვერ გადავიხდი მის სიკეთეს. ჩემი მეუღლე, სანამ ჯანმრთელობა უწყობდა ხელს, მამა ლუკას მანქანით დადიოდა. ახლა კი ისეთ დღეშია, რომ პატარა შვილს ხელშიც ვერ იყვანს. ტანსაცმელი ბავშვებისთვის მამა ლუკას მოაქვს ხოლმე. თავის მრევლს მოუყვა ჩვენს ოჯახზე და სთხოვა, ვისაც რისი საშუალება ექნებოდათ, თუ სურვილს გამოთქვამდნენ, დაგვხმარებოდნენ. პერიოდულად მრევლს მამა ლუკასთვის ჩვენთვის გადმოსაცემად მიაქვთ ტანსაცმელი.
…ტატალაშვილების ოჯახის ყოფას ბოლო დღეებია უკვე უშუქობისა და უგაზობის პრობლემაც ამძიმებს. ჯანმრთელობის გამო აღებული სესხის გასტუმრების პროცესში ოჯახი თვიურად მხოლოდ 130 ლარს იღებს. ამის გამო ოჯახი კომუნალური გადასახადების გადახდას ვეღარ ახერხებს და მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ცივ ზამთარს სიბნელესა და სიცივეში ატარებს. საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი „კვირა“ გეგმავს, შესაძლებლობის ფარგლებში, უახლოეს დღეებში დაეხმაროს ტატალაშვილების ოჯახს, რომ მათ რთული და პრობლემებით სავსე ყოველდღიურობა ოდნავ მაინც შეუმსუბუქდეთ.