“სამხედრო საქმე, მუნდირი – ეს ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული საქმეა“

  თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია თავდაცვის სამინისტროში „ჯარის მეგობართა საზოგადოების“ გამგეობის წევრებს შეხვდა. როგორც ირაკლი ალასანიამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, საუბარი 2013 წელს ჩატარებულ და 2014 წელს დაგეგმილ ღონისძიებებს შეეხო. „ჯარის მეგობართა საზოგადოების“ წარმომადგენლებთან განვლილი წელი შევაფასეთ. შევთანხმდით 2014 წლის მნიშვნელოვან პრიორიტეტებზე, რათა ჩვენი ჯარი და საზოგადოება კიდევ უფრო დავუახლოვოთ ერთმანეთს. სამხედრო საქმე, მუნდირი – ეს ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული საქმეა და ის ადამიანები, ვინც სამხედრო ფორმას და მუნდირს ატარებენ, საზოგადოებისგან განსაკუთრებულ დამოკიდებულებას იმსახურებენ. „ჯარის მეგობართა საზოგადოებასთან“ ერთად იმ პროექტებზე ვიმუშავებთ, რომლებიც წლის განმავლობაში განხორციელდება. მეამაყება, რომ საზოგადოების ასეთი თვალსაჩინო ადამიანები, ჯარის მხარდაჭერის საქმეში ჩაერთვებიან“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ. „ჯარის მეგობართა საზოგადოების“ ფარგლებში უკვე განხორციელდა სხვადასხვა საინტერესო პროექტი. პერიოდულად იმართება საჯარო ლექციები სამხედრო მოსამსახურეებისთვის ეროვნული თავდაცვის აკადემიასა და კადეტთა ლიცეუმში, ასევე, სამხედრო ნაწილებში. მეგობართა საზოგადოების წევრები სამხედროებს გამოცდილებას უზიარებენ, ასევე, შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე პროცესებზე და მათთვის საინტერესო სხვა თემებზე ესაუბრებიან. ინტენსიურად, სპეციალურად სამხედროებისთვის იმართება სხვადასხვა კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებები. სამოქალაქო საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები სამხედრო მოსამსახურეებისათვის სხვადასხვა სახის ღონისძიებებს უსასყიდლოდ მართავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები