თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების საქმეზე პროკურატურამ საგამოძიებო ვადის ორი თვით გადაწევა მოითხოვა
პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამდებობის პირების საქმეზე წინასასამართლო სხდომის ორი თვით გადადების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა. როგორც “კვირას“ მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს, საგამოძიებო პროცედურები გრძელდება და პროცესის გადადება სტანდარდული პროცედურაა.
მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები 28 ოქტომბერს დააკავა. მათ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ ბრალად. დაკავებულნი არიან: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.