ჟენევაში მოხალისეებზე ჩატარებული ებოლას ვირუსის საწინააღმდეგო ცდების შედეგები მიიღეს
ჟენევას საუნივერსიტეტო კლინიკაში ებოლას ვირუსის საწინააღმდეგო ცდების პირველი შუალედური შედეგები მიიღეს, – ამის შესახებ „იტარ-ტასი“ იუწყება. ცნობილია, რომ ცდები მოხალისეებზე ჩატარდა. 34 მოხალისემ პრეპარატის ინიექცია კარგად გადაიტანა, არანაირი გვერდითი ეფექტი ამ ეტაპზე გამოვლენილი არ არის.
შეგახსენებთ, რომ კლინიკური კვლევები 10 ნოემბრიდან ტარდება. კლინიკაში განაცხადეს, რომ კანადური ვაქცინის VSV-ZEBOV-ის გამოყენებამ ინექციის გაკეთებიდან ერთი კვირის განმავლობაში ანთებითი რეაქცია გამოიწვია, თუმცა ეს რეაქცია სუსტი, ან საშუალო სიძლიერის იყო და რამდენიმე საათიდან 3 დღემდე გრძელდებოდა. ექსპერიმენტისთვის შერჩეულია 115 მოხალისე.
ცნობილია, რომ კვლევა 2015 წლის დასაწყისამდე გაგრძელდება.