ლავროვი: რუსეთისა და ევროკავშირის ურთიერთობები უწინდელივით აღარ გაგრძელდება

  რუსეთი ევროკავშირთან თანამშრომლობაზე უარს არ ამბობს, თუმცა „საქმიანი ურთიერთობა უწინდელივით“ აღარ იქნება. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, – წერს „იტარ-ტასი“.
„ევროპასთან თანამშრომლობაზე უარის თქმით „საკუთარ ფეხში სროლას“ არავინ აპირებს, მაგრამ ყველას ესმის, რომ „business as usual“ (საქმიანი ურთიერთობა უწინდელივით) შეუძლებელია“, – განაცხადა ლავროვმა. მინისტრის თქმით, ადრე რუსეთის და ევროკავშირის ურთიერთობები თანასწორუფლებიანი არ იყო. „ბიზნესი ასეთი ჰქონდათ: რუსეთი ვალდებულია ეს გააკეთოს…. რუსეთი ვალდებულია, ის გააკეთოს…“, – აღნიშნა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება ევროკავშირისა და ევრაზიული ეკონომიკური გაერთიანების შორის ერთიანი სივრცის შექმნაზე გაამახვილა. მან შესთავაზა ევროკავშირსა და საბაჟო კავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება. ამ იდეას მოსკოვი ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე წამოსწევს.
„დარწმუნებული ვარ, რომ მივალთ იქამდე, რასაც ახლა „ინტეგრაციის ინტეგრაციას“ უწოდებენ“, – აღნიშნა ლავროვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები