გიორგი გაბუნია: პრეზიდენტ ზელენსკისთვის დიდი პატივი იყო პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან საუბარი
“ვფიქრობ, პრეზიდენტ ზელენსკისთვის დიდი პატივი იყო პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან საუბარი,”- ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ ირაკლი კობახიძისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრაზე საუბრისას “დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინელ და ქართველ ხალხს შორის არსებობს მრავალსაუკუნოვანი, ძალიან ძლიერი მეგობრული ურთიერთობა.
„ჩვენ უკრაინელ ხალხს ყველაფერში დავუდექით გვერდში, როდესაც მათ გაუჭირდათ. იქნებოდა ეს ჰუმანიტარული დახმარება, მყარი, უპირობო მხარდაჭერა დიპლომატიურ ასპარეზზე – ყველა რეზოლუციას დავუჭირეთ მხარი, რომელიც უკრაინის მხარდაჭერას ეხებოდა. ასევე, 250 მოსწავლე სწავლობს დღეს საჯარო სკოლების უკრაინულ სექციებში, 500 სტუდენტი უნივერსიტეტებში. სანაცვლოდ მივიღეთ აბსოლუტურად გაუგებარი ნაბიჯები – ვგულისხმობ ელჩის გაწვევას, საერთაშორისო კრიმინალების შეფარებას და კონკრეტული მაღალჩინოსნების მხრიდან გაუგებარ მოწოდებებს, რომ საქართველო ჩართულიყო ომში. მაგრამ უკრაინელ და ქართველ ხალხს შორის არსებობს მრავალსაუკუნოვანი, ძალიან ძლიერი მეგობრული ურთიერთობა და, რა თქმა უნდა, ხალხებს შორის ურთიერთობა არის და იქნება და მნიშვნელოვანია, თუ ჩვენ მოგვეცემა შესაძლებლობა ქვეყნებს შორის ურთიერთობები გადაიხედოს და გაჯანსაღდეს, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია“, – განაცხადა გაბუნიამ.