გიორგი გაბუნია: საუბრობდე სამხრეთ კავკასიაზე და საქართველოს არ ახსენებდე, იგივეა ეკლესიაში შეხვიდე და ღმერთს არ ახსენებდე
“ის, რომ საუბრობდე სამხრეთ კავკასიაზე და საქართველოს არ ახსენებდე, ეს იგივეა ეკლესიაში შეხვიდე და ღმერთს არ ახსენებდე”, – ასე უპასუხა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ გადაცემა „დღის ქრონიკის” წამყვანის კითხვას, “რას ფიქრობს ევროკომისიის მესვეურთა ლექსიკონში მოხშირებულ აქცენტზე სამხრეთ კავკასიის რეგიონში სომხეთის მნიშვნელოვან როლზე, რომ განცხადებებში თითქოს გამოტოვებულია საქართველო, რაც ქართულ ოპოზიციას უმყარებს არგუმენტს ამტკიცონ, რომ საქართველომ დაკარგა თავისი როლი”.
გაბუნიას თქმით, ევროკავშირის ბიუროკრატია პრაგმატიზმისგან დაცლილია.
„ის, რომ საუბრობდე სამხრეთ კავკასიაზე და საქართველოს არ ახსენებდე, ეს იგივეა ეკლესიაში შეხვიდე და ღმერთს არ ახსენებდე. სამწუხაროდ, ევროკავშირის ბიუროკრატია დაცლილია პრაგმატიზმისგან, ლოგიკურობისგან და თანმიმდევრობისგან. დღეს მსოფლიო ენერგოკრიზისის წინაშეა, ახალ გზებს ეძებს, ენერგომატარებლებისთვის ახალ მარშრუტებს. სწორედ სამხრეთ კავკასია არის ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი, წყნარი ადგილი. მინდა ჩვენს სომეხ და აზერბაიჯანელ ძმებს ვუსურვო წარმატება. სამხრეთ კავკასია კიდევ უფრო მშვიდი და წარმატებული იქნება, მაგრამ საქართველოს გარეშე სტრატეგიულ კავშირებზე საუბარი ყოველგვარ აზრსაა მოკლებული. როდესაც ზოგიერთი პოლიტიკოსი გაბუტულ რეჟიმში ამ კონტექსტში საქართველოს არ ახსენებენ, კიდევ ერთი ნათელი მაგალითია, რომ ევროკავშირი მოწყვეტილია რეალობას. ეკონომიკური შედეგები, რომელიც მწვავედ დგას ევროკავშირში, სწორედ ამ მცდარი პოლიტიკის შედეგია“, – აღნიშნა გაბუნიამ.