დავით სონღულაშვილმა, ბაქოში, საერთაშორისო აგროგამოფენაზე CASPIAN AGRO 2026 წარმოდგენილ საქართველოს პავილიონში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს უმასპინძლა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ქ. ბაქოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, დავით სონღულაშვილი საერთაშორისო აგროგამოფენის CASPIAN AGRO 2026 და კვების მრეწველობის 31-ე გამოფენის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა მაჯნუნ მამედოვმა გახსნა.

გახსნის ღონისძიების დასრულების შემდეგ, დავით სონღულაშვილმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით აგროგამოფენაზე CASPIAN AGRO 2026 წარმოდგენილ საქართველოს პავილიონში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს უმასპინძლა.

„Caspian Agro წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს აგროსასურსათო გამოფენას და მასში საქართველოს მონაწილეობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ის ხელს უწყობს ქვეყნის პოზიციონირებას რეგიონულ ჭრილში და კიდევ უფრო მეტად აღრმავებს არა მხოლოდ ორი ქვეყნის ურთიერთობას, არამედ საქართველოს წარმოაჩენს რეგიონში, როგორც აგროსასურსათო პროდუქციის მწარმოებელს. მნიშვნელოვანია, რომ დღეს საქართველოს სტენდთან მობრძანებული იყო აზერბაიჯანის პრეზიდენტი, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის მონაწილეობის მნიშვნელობას. გამოფენა გამოირჩევა შედეგიანობით, წინა წლებში მონაწილე კომპანიებმა უკვე შეძლეს კონტრაქტების გაფორმება, რაც ქართულ კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას ექსპორტის გაფართოების, რეგიონში მეტად წარმოჩენის და ჯამში ეს ყველაფერი ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას“,- განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მსგავსი საერთაშორისო აგროგამოფენები მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისთვის, სავაჭრო კავშირების გაღრმავებისთვის და ორ ქვეყანას შორის აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტ-იმპორტის ზრდისთვის. აღნიშნული თანამშრომლობა ხელს უწყობს როგორც ბიზნესკავშირების გაფართოებას, ისე რეგიონში ეკონომიკური განვითარების გაძლიერებას.

საერთაშორისო აგროგამოფენის CASPIAN AGRO ქართულ პავილიონში წარმოდგენილია კომპანიების ბიოპლანტი, ჰობი, ვასაძის პური, ფარკონი, ჯეონატურალსი, აჩინებული, ჩელთი და მეღვინეობა ვინიტორი მუკუზნის მიერ წარმოებული ღვინო, ნატურალური წვენები, საკონდიტრო და საკონსერვო ნაწარმი, თაფლი, სანელებლები და ორგანული სასუქი.

საერთაშორისო აგროგამოფენა CASPIAN AGRO 2026 5 მაისს გაიხსნა და 7 მაისს დასრულდება. 2026 წელს ღონისძიებაში მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს.

მინისტრ დავით სონღულაშვილთან ერთად გამოფენას აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებული მაია თაბაგარი, მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები