ნანა კაკაბაძე: რატომ ვერ იზრდება ოპოზიციის მომხრეთა რაოდენობა – ხალხი ხედავს, რომ „ნაცების“ „დაშლა-არმოშლით“ ისინი ისევ ძველი პოლიტიკისკენ დაბრუნებას სთავაზობენ საზოგადოებას
რატომ ვერ იზრდება ოპოზიციის მომხრეთა რაოდენობა, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.
კაკაბაძე მიიჩნევს, რომ ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, ხოლო უპირველესი მიზეზი ის არის, რომ „ნაცების „დაშლა-არმოშლით“ ისინი ისევ ძველი პოლიტიკისკენ დაბრუნებას სთავაზობენ საზოგადოებას.
„რატომ ვერ იზრდება ოპოზიციის მომხრეთა რაოდენობა
ამას წინათ სააკაშვილმა თავის მორიგ ფეისბუკ-გზავნილში ოპოზიციას გააქტიურებისკენ მოუწოდა და მიუთითა იმ მიზეზებზე, თუ რატომ არ გამოდის ხალხი ქუჩაში მათ დაძახილზე.
ამის მიზეზი, მიშას აზრით, ოპოზიციის ხალხთან კონტაქტის ნაკლებობა და არაინტენსიურობაა.
იქვე მან წარსულში „ხალხოსნობის“ მიმართულებით საკუთარი აქტიურობების მაგალითები მოიყვანა, რითაც კიდევ ერთხელ გაამყარა ის თეზისი, რომლის დამკვიდრებასაც გამუდმებით ცდილობს – „მე რომ გარეთ ვიყო, ბიძინას ხელისუფლებას ერთ კვირაში დავამხობდი“-ო.
არც მიშას და არც „დაშლილ და ისევ გაერთიანებულ“ მის მიმდევრებს არ ესმით ან არ უნდათ გაიგონ, რომ 21-ე საუკუნის 20-იან წლებში მსოფლიო შეცვლილია და 90-იანი წლების იდეოლოგიური შტამპებით შეზღუდული მათი აქტივობები დღეს არ შეიძლება იყოს წარმატების მომტანი პოლიტიკურ ბრძოლაში.
ოპოზიციის ბრძოლის იარაღს კვლავ წარმოადგენს მასობრივი გამოსვლების ორგანიზება, რომელიც ერთხელაც დუღილის ისეთ ტემპერატურას მიაღწევს, რომ რევოლუციაში გადაიზრდება და 2003 წლის 23 ნოემბერი განმეორდება.
ზოგმა მოუთმენელმა „დამხობის“ დღეც გამოაცხადა და დღესაც იძახის, მაგ დღეს ხელისუფლება გადავაყენეთო.
ხელისუფლებაში მოსვლის სხვა შესაძლებლობებს ისინი ვერ ხედავენ. თანაც თავს იმშვიდებენ, „ოცნებას“ მხოლოდ პატიოსან არჩევნებში დავამარცხებთ, მაგრამ ჩვენთან არ არის პატიოსანი არჩევნების ჩატარებისათვის ხელსაყრელი გარემოო.
თვითონ კი იციან, მაგრამ არც ერთი ოპო-პარტია არასოდეს განაცხადებს ხმამაღლა, რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ოცნებას გაცილებით მეტი რეალური ამომრჩეველი ჰყავდა, ვიდრე ჯამურად ყველა ოპოზიციურ პარტიას, ხოლო დღეისათვის ეს სხვაობა კიდევ უფრო გაზრდილი ჩანს.
ამას ხან ხელისუფლების მხრიდან თითქოსდა ხალხში ჩანერგილ შიშს აბრალებენ, ხან მოსყიდვას, ხან ხალხის ინდიფერენტიზმს და ხანაც მათ მათ გაუთვითცნობიერებლობას.
ხალხის და ხელისუფლების შეფასებისას სულ ახალ-ახალი ტერმინები გვესმის მათი მხრიდან: „ავტო-კრატია“,
„ერთპიროვნული მმართველობა“,
„ოლიგარქიული მმართველობა“,
„დიქტატურისკენ მიმავალი მმართველობა“,
„უკვე შემდგარი დიქტატურა“,
„პრო-რუსულობა“,
„სტატუს-კვო ამომრჩეველი“,
„ელექტორალური ავტორიტარიზმი“ და ა. შ.
ვერ გაიგეს ამ ყავლგასულმა პოლიტიკოსებმა, რომ 90-იანი წლების პრიმიტიული იდეოლოგია დღეს აღარ მუშაობს და ვეღარც იმუშავებს. მათი იდეოლოგია დგას ორ მთავარ პოსტულატზე – ოპონენტის დემონიზაცია-დეჰუმანიზაციაზე და რუსეთის აგენტობის იარლიყების მიკერებაზე.
ვერ ვიტყვით, რომ ეს მთავარი პოსტულატები არავისზე არ მუშაობს, მაგრამ ხალხის ის კატეგორია და რაოდენობა, რომელიც ექვემდებარება ამგვარ პროპაგანდას, ძალიან შეზღუდულია და ამიტომაც არის, რომ ყოველდღიური საპროტესტო აქტივისტების რაოდენობა რამდენიმე ასეულს ვერ აჭარბებს, დიდი აქციებისთვის მობილიზებული საპროტესტო მასა – რამდენი ათეულ ათასს, ხოლო საარჩევნო პერიოდში მთელი ოპოზიციისათვის ხმის მიმცემი ელექტორატი – რამდენიმე ასეულ ათასს. ამ ფონზე კი ხელისუფლების საარჩევნო ელექტორატი სტაბილურად აჭარბებს მილიონ ადამიანს.
ვნახოთ, ვინ არიან ოპო-აქტივისტები და მხარდამჭერები და რატომ ვერ ხდება მათი რაოდენობის გაზრდა.
მათ რიცხვს პირველ რიგში შეადგენენ 2012 წლამდე ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკოსები, მათი ახლობლები და ისინი, ვინც მათი ხელისუფლებიდან წასვლით გავლენები და კომფორტული მდგომარეობა დაკარგეს.
შემთხვევითი არ არის, რომ ოპოზიციის ტოპ-ლიდერებს შორის ყველა სწორედ ექს-ხელისუფალი იყო.
მეორე კატეგორია, ვინც აქტიურობით გამოირჩევა ოპოზიციურ ფლანგზე, ის ახალგაზრდები არიან, რომლებსაც არ განუცდიათ, არ ახსოვთ და მხოლოდ გადმოცემით იციან მიშასდროინდელი „სისხლიანი 9 წლის“ მმართველობის ფორმები და მეთოდები და ვერ წარმოუდგენიათ და ვერც დაუჯერებიათ სხვებისგან მონაყოლის რეალობა.
ოპო-აქტივისტების მესამე კატეგორია „ოცნების“ ყოფილი გულმხურვალე მხარდამჭერები ან მათი ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლები და მათი ახლობლები არიან, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო გული აუცრუვდა „ოცნებაზე“ (ძირითადად ისინი, ვინც დაკარგეს პრივილეგიები ოცნებაში).
არიან კიდევ მცირე ნაწილი გულწრფელი ადამიანებისა, რომლებსაც გულუბრყვილოდ სჯერათ, რომ ოპოზიცია ხელისუფლებაზე დემოკრატიულია და რომ ისინი ადამიანის უფლებებზე უფრო მეტად ზრუნავენ, სჯერათ, რომ „პოლიტპატიმრებს“ მართლა არაფერი დაუშავებიათ, ხოლო „სინდისის პატიმრები“ მართლა იდეის გულისთვის სხედან ციხეებში. ასეთ პატიმრებს შორისაც შეიძლება იყვნენ მართლა ასეთი გამონაკლისები, მაგრამ ხომ ვიცით, რომ დღეს პატიმრობაში მყოფი ასეთი ხალხის უმრავლესობისთვის ციხეებში ნებაყოფლობით წასვლა საკუთარი დღის წესრიგის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა.
და მაინც, თუ კარგად დავუკვირდებით რატომ არ მრავლდება საპროტესტო ელექტორატი, ანუ რაზე დგას ოცნების ხელისუფლება ასე მყარად, დავინახავთ, რომ ამის საფუძველი თვითონ დღევანდელი ოპოზიცია და მათი იდეოლოგიაა.
პირველ რიგში, ხალხი ხედავს, რომ ნაცების „დაშლა-არმოშლით“ ისინი ისევ ძველი პოლიტიკისკენ დაბრუნებას სთავაზობენ საზოგადოებას, იმ პოლიტიკას, რომელმაც ომი, მსხვერპლი, ტერიტორიების დაკარგვა, ქუჩებში და ციხეებში განუკითხაობები, ბიზნესის რეკეტი, უსამართლო სასამართლოები და სხვა უბედურებები მოუტანა ქვეყანას. ამას ემატება ბოლო ხანებში ნაც-ოპოზიციის მხრიდან ქართული ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურება, რაც იმ სურათის ნათლად წარმოჩენის შედეგია, რაც ქართველმა ხალხმა გამოაჩინა საყვარელი პატრიარქის გლოვის დღეებში.
მეორე მხრივ, ამდენ ჭირ-ვარამ გამოვლილ ქართულ საზოგადოებას ვეღარ დაარწმუნებ, რომ საშინელი და გაუსაძლისი დიქტატურაა იმ ქვეყანაში, სადაც თავისუფლად ფუნქციონირებენ ოპოზიციური პარტიული მედია-საშუალებები, სადაც არ არსებობს ბიზნესის რეკეტი, სადაც ქურდულ სამყაროს და კრიმინალს ხელისუფლება ნაცებზე უფრო ეფექტურად ებრძვის, ხოლო ციხეებში საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებული მდგომარეობაა, სადაც ქვეყნის ბიუჯეტი, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის ოდენობა და ცხოვრების დონე ყოველწლიურად იზრდება (კი, იზრდება ფასებთან ერთად, მაგრამ მანქანებით სავსე ქუჩები, ხალხით სავსე რესტორნები და სუპერმარკეტები საზოგადოების დიდი ნაწილის გაღარიბებაზე არ მიუთითებს). ამიტომ არ სჯერა ხალხს იმისი, რაზეც ოპოზიცია მუდმივად პედალირებს, იმისა თვითონვე – არ სჯერათ, ვერ ხედავენ მასობრივ გაღარიბებას, ბავშვთა მასობრივ შიმშილობას, ხელისუფლების კაციჭამიობას და ა. შ.
მაგალითად, როგორ უნდა დაიჯეროს საზოგადოებამ. რომ ხალხს მხოლოდ ტროტუარზე დგომისთვის აპატიმრებენ, როდესაც 500 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ხედავს პარტიული ტელევიზიებით გაშუქებულ ყოველდღიურ საპროტესტო აქციებს ტროტუარებზეც და ავტომობილების სამოძრაო ქუჩებზეც (როცა ტროტუარზე ვერ ეტევიან). ანუ გონიერი ადამიანი ხვდება, რომ „ტროტუარზე დგომისთვის“ კი არა, სხვა გამვლელებისთვის ან მძღოლებისთვის ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებისთვის აპატიმრებენ კანონდამრღვევებს ადმინისტრაციული წესით.
ოპოზიციის სასარგებლოდ აღარც ის ლოზუნგი მუშაობს, რომ „დასავლეთი მხარს გვიჭერს“, რადგან ამ „მხარდაჭერის“ იმედმა დაგვაკარგვინა ტერიტორიები, ხოლო დასავლეთიდან რეალური დახმარების ნაცვლად მხოლოდ „მკაცრი დაგმობები“ და „შეშფოთება-აღშფოთებები“ მივიღეთ.
რეალური შედეგები კი ის იყო, რომ ევროსტრუქტურებში გაწევრიანების იდეალად დასახვამ ჩვენც და უკრაინასაც მხოლოდ ქვეყნის დანაწევრება და უბედურება მოგვიტანა.
როდესაც სჭირდებათ, დიდი ქვეყნები მშვენივრად თანხმდებიან ერთმანეთთან პატარა ქვეყნების ხარჯზე. ამიტომ არ უნდა ვიქცეთ ინსტრუმენტად რომელიმე მათგანის ხელში მათი ამოცანების შესასრულებლად და ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგოდ.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ხელისუფლების შესაცვლელად ტაქტიკის შეცვლა „ხალხში გასვლა“ კი არ არის საჭირო (ხალხმა ისედაც კარგად იცის ყველაფერი), არამედ ყავლგასული ოპოზიციის შეცვლა სუფთა წარსულის მქონე პოლიტიკოსებით, რომლებსაც შეეძლებათ ხალხის ნდობის მოპოვება“, – წერს ნანა კაკაბაძე.