ჩვენს სატრანსპორტო დერეფანში ტვირთბრუნვა გაზრდილია. 2030 წლისთვის ველოდებით ამ მაჩვენებლის გაორმაგებას და სწორედ ამიტომ ვახორციელებთ მსხვილ ინვესტიციებს ძირითად ინფრასტრუქტურაში, როგორც სარკინიგზო, ასევე საპორტო მიმართულებით, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას. მისი ინფორმაციით, დაწყებულია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე, რომელსაც ევროპის “დიდ ოთხეულში” შემავალი ევროპული კომპანია Jan De Nul NV ახორციელებს.
როგორც თამარ იოსელიანმა თქვა, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის დიზაინი უკვე დასრულებულია და უახლოეს პერიოდში იგეგმება შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა, რათა პროექტის სამშენებლო ეტაპი დაიწყოს.
„საქართველოს რკინიგზამ უკვე დაასრულა მუშაობა იმ სარკინიგზო ინფრასტრუქტურის დიზაინზე, რომელიც ძირითად მაგისტრალს ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან აკავშირებს. ძალიან მალე ვგეგმავთ შესაბამისი ზომების მიღებას, რათა უშუალოდ მშენებლობის პროცესი დავიწყოთ”, – აღნიშნა თამარ იოსელიანმა.