სოზარ სუბარი მარნეულის რაიონში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი მარნეულის რაიონში „ელევატორის“ ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო.
სამინისტროს ინფორმაციით, ჯავის რაიონიდან დევნილი 47 ოჯახი 23 წელზე მეტია ავარიულ შენობებში ცხოვრობს. სახელმწიფომ თითოეულ მათგანს 2500 მ2 ფართობის მიწის ნაკვეთი (ჯამში 12 ჰექტარი) გადასცა.
როგორც თავად დევნილები იხსენებენ, 1991 წელს საქონელი ჯავის რაიონიდან წამოიყვანეს და მას შემდეგ მესაქონლეობასა და მიწათმოქმედებას ეწევიან, რაც მათი შემოსავლის მთავარ წყაროს წარმოადგენს.
სამინისტრო მუშაობს პროექტზე, რომლის ფარგლებშიც იგეგმება „ელევატორის“ ჩასახლებაში მცხოვრები დევნილების განსახლება იმ ადგილებში, სადაც ისინი მიწის ნაკვეთებს ფლობენ. ეს პროცესი, ერთი მხრივ, გააუმჯობესებს დევნილი ოჯახების საცხოვრებელ პირობებს და, მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს მათ სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებასა და მესაქონლეობაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები